ქარელის გამგებელს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

ქარელის გამგებელს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელს ივანე ოსაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს უზეუნაესი სასამართლოს პრესსამსახურმა აცნობა. ოსაძის აღკვეთის ღონისძიების საკითხი თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა. პრესსამსახურის თქმით, პატიმრობა პროკურატურამ მოითხოვა.

ბრალდების მიხედვით, ივანე ოსაძემ სოფელ ყინწვისში მდებარე ერთ-ერთი შენობის იჯარით გადაცემის სანაცვლოდ, მოქალაქისგან ქრთამის სახით, 7 000 აშშ დოლარი აიღო. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაიწლითაა აღძრული და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას თავისუფლების 6-დან 9 წლამდე აღკვეთა ემუქრება. გამგებლის მოვალეობას ამჟამად ოსაძის პირველი მოადგილე ემიკო ფეიქრიშვილი ასრულებს.

ივანე ოსაძე ქარელის მუნიციპალიტეტი გამგებლად 2012 წლის დეკემბერში დაინიშნა.

ივანე ოსაძე 1979-1980 წლებში იყო ქარელის რაიონის სოფ. აბისის საშუალო სკოლის დირექტორის მოადგილე – სასწავლო
აღმზრდელობით დარგში და ისტორიის მასწავლებელი.

1980 – 1981წ. ქარელის რაიონის პროფკავშირების რაიონული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.

1981-1982წ. საქართველოს კომპარტიის ქარელის რაიკომის კონსულტანტი.

1982 – 1984წ. საქართველოს კპ ქარელის რაიკომის ინსპექტორი.

1984–1986 წ. საქართველოს კპ ქარელის რაიკომის იდეოლოგიური განყოფილების გამგე.

1986 – 1989წ. საქართველოს კპ ქარელის რაიკომის საორგანიზაციო განყოფილების გამგე, რაიკომის ბიურის წევრი.

1989 – 1990წ. საბჭოთა კავშირ-უნგრეთის ერთობლივი საწარმოს ,,ციტოტრანსის ’’ აღმასრულებებლი დირექტორი.

1991 – 1994 წ. გაზეთ ,,ერის’’ მთავარი რედაქტორის მოადგილე.

1994 – 2001წ. გაზეთ ,,სამშობლო ფორტეს“ განყოფილების გამგე.

2001 – 2003წ . გაზეთ ,,კავკაზ პრომეთეის‘’ განყოფილების გამგე.

2004 წლიდან დღემდე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.