მიხეილ სააკაშვილი მეორე დღეა, ახალქალაქში იმყოფება

მიხეილ სააკაშვილი მეორე დღეა, ახალქალაქში იმყოფება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე მეორე დღეა, ახალქალაქში იმყოფება. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ქვეყნის პირველ პირს ამ წუთებში რაიონის ქართულ სკოლაში ელოდებიან , რომლის დირექტორსაც ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენს გადასცემს.

მიხეილ სააკაშვილი ახალქალაქში გუშინ ჩავიდა. თავდაპირველად პრეზიდენტი ახლქალაქისა და ყუმურდოს ეპარქიაში მივიდა, მეუფე ნიკოლოზს ესტუმრა და მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარში ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი გადასცა.

მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა ახალქალაქისა და ყუმურდოს ეპარქიის მმართველის განსაკუთრებულ ღვაწლზე სამცხე-ჯავახეთში, როგორც სასულიერო კუთხით, ისე საგანმანათლებლო თვალსაზრისით.
პრეზიდენტის განცხადებით, მეუფე ნიკოლოზს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ამ რეგიონში და სწორედ აქედან გამომდინარე მიიღეს გადაწყვეტილება, იგი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დაეჯილდოებინათ.

ამის შემდეგ მეუფე ნიკოლოზმა და მიხეილ სააკაშვილმა საეპარქიო რეზიდენციის ეზოში, ახლად აშენებულ ნაგებობაში გადაინაცვლეს, სადაც ტურინის კვართის ასლი ინახება.