ადვოკატი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს გამთენიისას დათა ახალაია საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს

ადვოკატი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს გამთენიისას დათა ახალაია საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს

ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს დღეს, სარფის გავლით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დათა ახალაია საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ზაქარეიშვილმა განუცხადა. "არ ვადასტურებ ინფორმაციას, რომ დათა ახალაია საქართველოში დღეს აპირებს ჩამოსვლას. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის საქართველოში სარფიდან შემოვა. ამის გამო იქ უამრავი პოლიციელი ყოფილა მობილიზებული. ამდენი პოლიციელი საჭირო არ არის. თუ ახალაია სარფიდან შემოვა, მას ორი პოლიციელიც ეყოფა, რომ დააპატიმრონ, რადგან მას ისედაც აღმკვეთი ღონისძიება აქვს შეფარდებული", - აღნიშნა ადვოკატმა.

გავრცელებული ინფორმაციით, დღეს, გამთენიისას, სარფის გავლით საქართველოში დაბრუნებას გეგმავენ ყოფილი მაღალჩინოსნები დათა ახალაია, სოსო თოფურიძე და მეგის ქარდავა. ამავე ცნობის თანახმად, სარფის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე სპეცრაზმია მობილიზებული. თუმცა, სპეცრაზმის მობილიზებას შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს. სპეცრაზმის ნაცვლად სარფში ჟურნალისტები არიან მობილიზებული.