ბაჩო ახალაიას ე.წ. იაღლუჯას საქმეზე აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გაუქმებაზე უარი ეთქვა

ბაჩო ახალაიას ე.წ. იაღლუჯას საქმეზე აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გაუქმებაზე უარი ეთქვა

საქართველოს ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ ბაჩო ახალაიას ე.წ. იაღლუჯას საქმეზე აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გაუქმებაზე უარი ეთქვა. აღმკვეთი ღონისძიების მოთხოვნით სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე ბაჩო ახალაიას ადვოკატებმა მიმართეს, თუმცა, მათი შუამდგომლობა მოსამართლე ნატო ხუჯაძემ არ დააკმაყოფილა.

ასევე, აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუნარჩუნდა ამავე საქმეში ბრალდებულ ალექსი დავითაშვილსა და დავით ჩუბინიძეს. ბრალდებულების დაცვის მხარემ მოსამართლეს კიდევ ერთი შუამდგომლობით მიმართა, რათა თავდაცვის სამინისტროდან გამოთხოვნილი იყოს რეინჯერთა მოსამზადებელი კურსის პროგრამა.

როგორც დაცვის მხარე განმარტავს, ეს ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოებაა, თუმცა მასში გაწერილია წვრთნის ყველა ის ფორმა, რომელსაც შესაძლოა ბრალდება მოიცავდეს.

ამ შუამდგომლობას პროკურატურა დაეთანხმა და სასამართლომაც დააკმაყოფილა. სულ აღნიშნულ საქმეში 7 ბრალდებულია და მათგან სამს აღმკვეთის ღონისძიება - პატიმრობა აქვს შეფარდებული.
საქმე ეხება ბაჩო ახალაიას შს მინისტრობის პერიოდს, რომლის თანახმად, შსს-ს 7 თანამშრომელს იაღლუჯას ბაზაზე აღუკვეთეს თავისუფლება და აწამეს.

საქმის არსებითი განხილვა 30 აპრილს, 13.00 საათზე ჩაინიშნა.