ნაფიც მსაჯულებზე მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მხარს არ უჭერს

ნაფიც მსაჯულებზე მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მხარს არ უჭერს

ნაფიც მსაჯულებთან დაკავშირებით, მთავრობის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას და პარლამენტის მიერ მის მიღებას იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მხარს არ უჭერს. 

კომიტეტის დასკვნაში ნათქვამია, რომ ნაფიცი მსაჯულების მიერ საქმის განხილვა ბრალდებულის უფლებას წარმოადგენს და არჩევანის გაკეთებისას ბრალდებულის შეზღუდვა პროკურორის სავალდებულო თანხმობით, მოცემული ინსტიტუტის არსს ეწინააღმდეგება. შესაბამისად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კანონპროექტის მიღებას მხარს არ უჭერს.

თავის დროზე საკითხის განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მძაფრი კამათის ფონზე წარიმართა. ამასთან, როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე განმარტავს, კომიტეტი საკუთარ გადაწყვეტილებაში ერთსულოვანი არ იყო და არიან დეპუტატები, რომლებიც კანონპროექტის მიღებას მხარს უჭერენ.

საუბარია "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტზე, რომელიც პარლამენტმა გუშინდელ სხდომაზე, ხანგრძლივი კამათის შემდეგ პირველი მოსმენით მიიღო. მთავრობა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთან დაკავშირებულ 226-ე მუხლის I ნაწილის იმგვარად კორექტირებას ითხოვს, რომლის მიხედვითაც, თუკი წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეები თანხმდებიან, რომ საქმის განხილვა ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე მოხდეს.

კანონპროექტს აქტიურ წინააღმდეგობას უწევენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, რომელთა შეფასებით, აღნიშნული ინიციატივით ბრალდებულის უფლება - თავად გადაწყვიტოს საქმე სასამართლომ განიხილოს, თუ ნაფიცმა მსაჯულებმა, პროკურორების ხელში გადადის.