ალექსი პეტრიაშვილი:  ვილნიუსის სამიტზე საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირებას მოახდენს

ალექსი პეტრიაშვილი: ვილნიუსის სამიტზე საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირებას მოახდენს

ვილნიუსის სამიტზე საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირებას მოახდენს. ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა. 

მისი თქმით, საქართველოსთვის ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით.

"28-29 ნოემბერს დაგეგმილ ვილნიუსის სამიტზე პარაფირება მოხდება ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტის, რომლის შემდეგაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი არის შეუქცევადი და მართლაც ჩვენ მივაღწევთ ჩვენს საბოლოო მიზანს" , - აცხადებს პეტრიაშვილი.

მინისტრმა ასევე ისაუბრა ევროკავშირიდან დახმარების კუთხით გაწეული სამუშაოებზე და აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში ორი ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება მოხდა.

"ეს დახმარებები არის ინსტიტუციური მშენებლობის კუთხით დახმარება, რომელიც არის 20 მილიონი ევროს მოცულობის და ასევე სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით, რომელიც არის 40 მილიონი ევროს ოდენობით. მინდა ყველამ იცოდეს, რომ ევროკავშირის მიმართულებით ძალიან სერიოზულად მიმდინარეობს მუშაობა" , - აცხადებს მინისტრი.

პეტრიაშვილის ინფორმაციით, უკვე დაწყებულია კონსულტაციები 2014-2020 წლის ევროკავშირთან თანამშრომლობის ძირითადი პრიორიტეტების განსაზღვრაზე.