ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება ახალგორთან საზღვრის ჩაკეტვას გეგმავს

ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება ახალგორთან საზღვრის ჩაკეტვას გეგმავს

ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება ახალგორთან საზღვრის ჩაკეტვას გეგმავს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ახალგორში მცხოვრებმა და მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებთან დაახლოებულმა პირმა განუცხადა. 

მისი თქმით, გუშინ დაბრუნდა ცხინვალიდან, სადაც რამდენიმე მინისტრს შეხვდა.

"ინფორმაცია მაქვს, რომ ახალგორთან საერთოდ საზღვრის ჩაკეტვას აპირებენ. გუშინ ჩამოვედი ცხინვალიდან, სადაც იმ ადამიანებთან მქონდა შეხვედრა, რომლებიც აღნიშნულთან დაკავშირებით იღებენ გადაწყვეტილებას. როგორც ისინი ამბობენ, ეს საზღვარი ოფიციალურად გახსნილი ისედაც არ არის. თანაც, მათივე თქმით, დანარჩენი რაიონების მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს, რომ გამონაკლისი მხოლოდ ახალგორის შემთხვევაშია დაშვებული. ასე რომ, საკითხი აქტუალურად განიხილება, თუმცა არამგონია, ეს ერთ ან ორ თვეში მოხდეს", - განაცხადა ახალგორის მკვიდრმა და აქვე განმარტა, რომ ახალგორებელისთვის ცხინვალში გადაადგილება, სავარაუდოდ, ერგნეთის გავლით იქნება შესაძლებელი.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ახალგორისკენ გადაადგილება შესაძლოა გამარტივდეს, წყაროს ცნობით, აღნიშნული ინიციატივა ახალგორის ადმინისტრაციის უფროს ჯემალ ჯიკაევს ეკუთვნის, რომლის გათვალისწინებასაც დე-ფაქტო ხელისუფლებაში არ აპირებენ.

"სხვათაშორის, გამარტივების ინიციატივა ნამდვილად არსებობს და ეს ჯემალ ჯიკაევის სურვილია. საუბარია, რომ ის ადამიანები, ვინც ჩაწერილი არ არის, ახალგორში შემოეშვათ გარკვეული დროით, თუმცა მათ ქმედებებზე ისინი აგებდნენ პასუხს, ვინც ისინი მოიწვია. ასევე განიხილება, რომ შეუზღუდავად მოხდეს სტუმრების შემოშვება, როცა მაგალითად ლხინი ან ჭირია ვინმეს ოჯახში, თუმცა, როგორც ვიცი, ჯიკაევის ამ ინიციატივის გაზიარებას არავინ აპირებს და მეტიც, გაგიმხელთ, რომ ჯემალ ჯიკაევის შეცვლაზეცაა საუბარი, რადგან მას "ქართული იდეები" აწუხებს", - აღნიშნა წყარომ.