დავით უსუფაშვილი:   სასამართლო პოლიტიკური ზეწოლისგან გათავისუფლდება

დავით უსუფაშვილი: სასამართლო პოლიტიკური ზეწოლისგან გათავისუფლდება

სასამართლო პოლიტიკური ზეწოლისგან გათავისუფლდება, - ამის შესახებ დღევანდელ სესიაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი მაინც არ დაუჭერდა მხარს, რაც არ უნდა ჩაწერილიყო ამ კანონპროექტში. "ჩვენ პასუხისმგებლები ვართ საზოგადოებაზე, ამ შემთხვევაში მოსამართლეებზე და ამ კანონპროექტის მიღებით სასამართლო გათავისუფლდება პოლიტიკური ზეწოლისგან. მაგრამ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამ კანონპროექტში რაც არ უნდა ჩაწერილიყო, თქვენი ლიდერი მაინც არ იტყოდა, რომ კარგი კანონი მიიღეთო", - მიმართა უსუფაშვილმა უმცირესობას.

მისივე თქმით, უმცირესობამ თანამონაწილეობა უნდა მიიღოს ასეთ მნიშვნელოვან პროცესებში. "წინ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი პროცესები გველის და უმჯობესი იქნება თუ მონაწილეობას თქვენც მიიღებთ", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ უმცირესობის წევრს, პავლე კუბლაშვილს შესთავაზა, წარადგინოს ვენეციის კომისიის დასკვნის ის ნაწილი, სადაც საუბარია ორ მესამედიან ქვორუმზე. "იმისთვის, რომ მე დასკვნის არასწორი ინტერპრეტირება არ დამბრალდეს, გთავაზობთ, წარმოადგინოთ ეს ტექსტი და თავად გააცანით სიმართლე პარლამენტის წევრებს, მოქალაქეებს და მოსამართლეებს, რომლებზეც ყველაზე მეტი უნდა ვიფიქროთ. ველოდები ამ ტექსტს თქვენგან", - მიმართა დავით უსუფაშვილმა პავლე კუბლაშვილს.