სასჯელაღსრულების #19-ე ტუბერკულოზით დაავადებულთა დაწესებულების დირექტორად პაატა სვანიძე დაინიშნა

სასჯელაღსრულების #19-ე ტუბერკულოზით დაავადებულთა დაწესებულების დირექტორად პაატა სვანიძე დაინიშნა

სასჯელაღსრულების #19-ე ტუბერკულოზით დაავადებულთა დაწესებულების დირექტორად პაატა სვანიძე დაინიშნა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ყოფილი დირექტორი კახა გველესიანი სასჯელაღსრულების დეპარტამენტში კადრების განკარგულებაშია გადაყვანილი, ხოლო ქსნის დაწესებულებას ორთაჭალის #1 დაწესებულების ყოფილი დირექტორი უხელმძღვანელებს.

სასჯელაღსრულების #19-ე ტუბერკულოზით დაავადებულთა დაწესებულების დირექტორის, კახაბერ გველესიანის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი დღეს გახდა ცნობილი. თანამდებობიდან კი ის სამი დღის წინ მოხსნეს.

სასჯელაღსრულების მინისტრისადმი სახალხო დამცველის რეკომენდაციაში მითითებულია, რომ #19 ტუბერკულოზით დაავადებულთა დაწესებულებაში გამოკითხეს მსჯავრდებულები და რეკომენდაციებს, რომელიც სამინისტროს გადაეგზავნა, 131 მსჯავრდებული აწერს ხელს. სახალხო დამცველის ინფორმაციით, პატიმრები აცხადებენ, რომ არასათანადოდ ეპყრობიან, არ აქვთ შესაბამისი მკურნალობა, ხოლო დაწესებულების დირექტორი მათ მოთხოვნებზე ცინიკურად და უხეშად რეაგირებს.

სუბარი რეკომენდაციებს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა. ციხეებში ტუბერკულოზის ვითარებაზე სახალხო დამცველის რეკომენდაციას სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა არაპროფესიონალური უწოდა.