დავით ნარმანიამ დანიელ სტუდენტებთან ერთად რუისი-აგარის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

დავით ნარმანიამ დანიელ სტუდენტებთან ერთად რუისი-აგარის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ და საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზაქარია ხუნძაყიშვილმა დანიელ სტუდენტებთან ერთად ჩქაროსნული გზატკეცილის E-60 ავტომაგისტრალის რუისი-აგარის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" რეგიონული განვითარების სამინისტროდან აცნობეს, პროექტი 19 კმ სიგრძის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა-რეკონსტრუქციას ითვალისწინებს. მათ შორის, 11 კმ არსებული გზის 4 ზოლიან მაგისტრალად რეკონსტრუქციას და 8 კმ სიგრძის სრულიად ახალი აგარის შემოვლითი ავტომაგისტრალის მშენებლობას. რუისი-აგარის 19 კმ-იანი მონაკვეთი რუისი-რიკოთის საავტომობილო გზის მშენებლობის პირველი ეტაპია.

პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კოორდინირებით, ჩინური კომპანია "ჩაინა ნუკლეარ ინდუსტრი 23 კონსტრაქშენ კომპანი" ახორციელებს. პროექტი მსოფლიო ბანკის მიერ 70,7 მლნ ლარით ფინანსდება.

ავტომაგისტრალის ახალი მონაკვეთი მშენებლობის დასრულების შემდეგ საერთაშორისო სტანდარტებს გაუთანაბრდება. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე 5 სატრანსპორტო კვანძი მოეწყობა, აშენდება ორი 184 მეტრიანი და 144 მეტრიანი სახიდე გადასასვლელები მდინარე ფრონეზე და მდინარე ფცაზე. იგეგმება 91 მეტრიანი სარკინიგზო გზაგამტარის მშენებლობა. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დაიგება ცემენტ-ბეტონის საფარი. პარალელურად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩქაროსნული გზატკეცილის სხვა სეგმენტებზეც როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში.

რუისი-აგარის მონაკვეთის მშენებლობის პროექტი ორწლიანია და ის 2014 წლის ბოლოსთვის დასრულდება