ლალი მეტრეველი:

ლალი მეტრეველი: "თბილისის მიკროავტობუსმა" მძღოლებს ტექდათვალიერებისთვის თანხა დააკისრა

კომპანია "თბილისის მიკროავტობუსმა" სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს მანქანის ტექნიკური დათვალიერებისთვის თანხის გადახდა დააკისრა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მძღოლთა და მგზავრთა უფლებების დაცვის ასოციაციის თავმჯდომარემ, ლალი მეტრეველმა განუცხადა.

მისივე თქმით, ტექნიკური დათვალიერებისთვის გარკვეული თანხის დამატება მძღოლების უკმაყოფილებას იწვევს.

"ახლა სამარშრუტო ტაქსების ტექნიკური დათვალიერება შემოიღეს. მთელი ქალაქის მასშტაბით 0,5 მლნ ლარზეა საუბარი. ამ თანხის ამოღებასაც მძღოლების ხარჯზე აპირებენ. მძღოლები გაფიცვის პიკზე არიან. კომპანიის ხელმძღვანელობა, ბაზის დირექტორები ხვდებიან მძღოლებს და თუ თანხას არ გადაიხდიან, ხაზებზე არ უშვებენ. ერთჯერადი გადასახადი 200 ლარამდეა. მძღოლის დასაფარია ყველა ხარჯი. მათ საგადასახადო ვალდებულება აქვს, ნაწილები, გაფუჭების შემთხვევაშიც, საკუთარი სახსრებით უნდა შეიძინოს",- დასძინა მეტრეველმა.

მისივე თქმით, მძოლებს მიკროავტობუსების გამოსასყიდად, ლიზინგისთვის, 2 წლის განმავლობაში გადახდილი თანხები წყალში ჩაეყარათ. მძღოლები ამისთვის დღეში 43 ლარს იხდიდნენ.
"კომპანიას "თიბისი ბანკის" 2 მლნ ევრო დავალიანება აქვს. ამის გამო 430 სამარშრუტო ტაქსი დაყადაღებულია. 100 მლნ პროექტში კომპანიას თანხა არ ჩაუდია და დიდი ოდენობით დასაფარი საკრედიტო თანხა დაგროვდა. ამ ვალის დასაფარად სწორედ მძღოლების 43 ლარს იყენებდნენ. მძღოლები ამ თანხის დაბრუნებას ითხოვენ", - დასძინა მეტრეველმა.

მისივე თქმით, მძღოლების კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ სამარშრუტო ტაქსები "ჯითი მოტორსში" უნდა შეაკეთონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ "ჯითი მოტორსის" სასარგებლოდ 250 ევროს ღირებულების ჯარიმის გადახდა მოუწევთ.

"კომპანიას "ჯითი მოტორსთან", როგორც ჩანს, რაღაც კაბალური ხელშეკრულება აქვს დადებული. ვალდებულება აქვს და უნდათ მძღოლებიდან ამოიღონ. მძღოლები მანქანის შესაკეთებლად ჩვეულებრივ ისევ "ჯითი მოტორში" მიდიან", - დასძინა მეტრეველმა.

მისივე თქმით, ასოციაცია ქალაქის სააპელაციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის განხილვის, ასევე პროკურატურაში შეტანილი განაცხადზე მოქმედებების დაწყებას ელოდება, რათა 2010-2011 წლებში ჩატარებული ტენდერის შედეგები გაუქმდეს ან შეჩერდეს.