სასჯელაღსრულების #19 დაწესებულების დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

სასჯელაღსრულების #19 დაწესებულების დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

სასჯელაღსრულების #19 ტუბერკულოზით დაავადებულთა დაწესებულების დირექტორი კახაბერ გველესიანი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსპიკერმა ირაკლი კორძაიამ განუცხადა, გველესიანის დირექტორიბიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება სამინისტრო ხელმძღვანელობამ მიიღო.

ამასთან, კორძაიამ "არ იცის, უკავშირდება თუ არა გველესიანის გათავისუფლება დაწესებულებაში არსებულ რთულ ვითარებაზე სახალხო დამცველის რეკომენდაციებს".

მისი თქმით, გველესიანი სამი დღის წინ მოხსნეს თანამდებობიდან და ყოფილი დირექტორი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კადრების განკარგულებაში გადაიყვანეს.

ამასთან, სასჯელაღსრულების სამინისტროში ჯერ არ იციან, ვინ შეცვლის გველესიანს.

სასჯელაღსრულების მინისტრისადმი სახალხო დამცველის რეკომენდაციაში მითითებულია, რომ #19 ტუბერკულოზით დაავადებულთა დაწესებულებაში გამოკითხეს მსჯავრდებულები და რეკომენდაციებს, რომელიც სამინისტროს გადაეგზავნა, 131 მსჯავრდებული აწერს ხელს.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, პატიმრები აცხადებენ, რომ არასათანადოდ ეპყრობიან, არ აქვთ შესაბამისი მკურნალობა, ხოლო დაწესებულების დირექტორი მათ მოთხოვნებზე ცინიკურად და უხეშად რეაგირებს.
სუბარი რეკომენდაციებს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა. ციხეებში ტუბერკულოზის ვითარებაზე სახალხო დამცველის რეკომენდაციას სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა არაპროფესიონალური უწოდა.