ირაკლი ღარიბაშვილი:   აბსურდულია, თითქოს ჟურნალისტები ვალოდინე და შემდეგ რესტრონიდან სათადარიგო გასასვლელიდან გავედი

ირაკლი ღარიბაშვილი: აბსურდულია, თითქოს ჟურნალისტები ვალოდინე და შემდეგ რესტრონიდან სათადარიგო გასასვლელიდან გავედი

აბსურდულია ბრალდება, თითქოს ბათუმში ჟურნალისტები მოვიწვიე, ხუთი საათი ვალოდინე და რესტრონიდან სათადარიგო გასასვლელიდან გავედი , - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით, ეს ბრალდება არის აბსურდი და არასდროს ასეთი მიდგომა ჟურნალისტების მიმართ არ ჰქონია.

"არასდროს ასეთი მიდგომა თქვენს მიმართ არ მქონია და როცა საჭიროდ ვთვლი, კომენტარს ყოველთვის ვაკეთებ. მე მაქვს ძალიან დიდი პატივისცემა თქვენდამი", - მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.

მისივე განმარტებით, ბათუმში ჟურნალისტები არ მიუწვევია და ეს იყო ჩვეულებრივი სადილი რესტორანში.

ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ჟურნალისტებს შეეძლოთ დაკავშირებოდნენ მისი პრესსამსახურის უფროსს, რომელიც ეტყოდა, რომ კომენტარის გაკეთებას არ აპირებდა.

"დღეს შეიძლება ვსადილობ სხვაგან, თუმცა სად გავაკეთებ კომენტარს, ამას მე ვწყვეტ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში 2 აპრილს იმყოფებოდა. ჟურნალისტები მას რესტორან "აჭარულ სახლთან" 17:00 საათიდან ელოდებოდნენ და ბათუმში საიას თანამშრომლებსა და აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროს ვალერი თელიას შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მინისტრისგან კომენტარის მოპოვებას ცდილობდნენ.

როგორც 2 აპრილს იქ მყოფი ჟურნალისტები ამბობენ, რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ, რესტორნის დატოვებამდე, იქ შეკრებულ ჟურნალისტებს დაცვის თანამშრომელმა უთხრა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი აპირებდა "აჭარული სახლიდან" გამოსვლას და მოკლე კომენტარის გაკეთებას, რისთვისაც ჟურნალისტები ერთ-ერთ შესასვლელთან მივიდნენ კომენტარის ჩასაწერად, თუმცა, მინისტრი რესტორნის მეორე გასასვლელიდან გავიდა, ჩაჯდა მანქანაში და ადგილი კომენტარის გარეშე დატოვა.