მაია ფანჯიკიძე ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

მაია ფანჯიკიძე ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრაზილიელ კოლეგას შეხვდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო უწყებიდან აცნობეს, მაია ფანჯიკიძემ და ანტონიო პატრიოტამ საქართველო-ბრაზილიას შორის მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობასა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობაზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება ვაჭრობისა და ეკონომიკის, კულტურის, სოფლის მეურნეობის სფეროებში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს დაეთმო.

შეხვედრის შემდეგ მინისტრებმა მედიისთვის ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

როგორც ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, მაია ფანჯიკიძის ვიზიტი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების განმტკიცებას.

"ამ მხრივ, ჩვენი საელჩოები ნაყოფიერად მუშაობენ და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლაც ამაზე მიუთითებს. მომავალ წელს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავს აღვნიშნავთ. შეხვედრაზე განვიხილეთ ჩვენთვის საინტერესო მრავალი საკითხი. ვისაუბრეთ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის შესახებ, სადაც ჩვენი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. განვიხილეთ სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ასპექტები. საქართველო, სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით, დიდი პოტენციალის მქონე ქვეყანაა. შესაძლებელია კულტურის სფეროში აქტივობის გაზრდა და საინტერესო პროექტების განხორციელება", - განაცხადა ანტონიო პატრიოტამ.

ბრაზილიაში ვიზიტს ნაყოფიერი უწოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. როგორც მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, ბრაზილიელ კოლეგას საერთაშორისო ფორუმების ფარგლებში არაერთხელ შეხვდა.

"ბრაზილიის განსაკუთრებული ინტერესი საქართველოს მიმართ იმაშიც გამოიხატება, რომ ამ მცირე ხნის მანძილზე ჩვენ სამჯერ მოვახერხეთ შეხვედრა და საქართველოსა და ბრაზილიისთვის საჭირო საკითხებზე საუბარი. ბრაზილია დაინტერესებულია ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებით. საქართველოში სტუმრობის სურვილი გამოთქვა, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა, ასევე ბრაზილიის კულტურის მინისტრმა. ეს იყო ნაყოფიერი ვიზიტი და დარწმუნებული ვარ, ის ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებას", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით 2-3 აპრილს იმყოფებოდა. მაია ფანჯიკიძემ შეხვედრები გამართა ბრაზილიის დეპუტატთა პალატის ვიცე პრეზიდენტ ანდრე ვარგასთან, ბრაზილიის საკანონმდებლო ორგანოს საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრებთან, ბრაზილიის კულტურის მინისტრ მარტა სუპლისისთან და ლექცია წაიკითხა რიო ბრანკოს საერთაშორისო უნივერსიტეტში.