გიორგი კვირიკაშვილი:   ხვალ მინერალურ წყალზე მოსაკრებლის გაზრდის საკითხი განიხილება

გიორგი კვირიკაშვილი: ხვალ მინერალურ წყალზე მოსაკრებლის გაზრდის საკითხი განიხილება

ხვალ დაგეგმილია ბუნებრივი რესურსების კომისიის სხდომა, სადაც მინერალურ წყალზე მოსაკრებლის გაზრდის საკითხი განიხილება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა. 

მისი თქმით, კომპანიები ამასთან დაკავშირებით საქმის კურსში არიან, ხოლო წარმოდგენილი პროექტი, რომელიც განიხილება, ანარეკლია საერთაშორისო პრაქტიკის.

"ჩვენ ჩავთვალეთ, რომ სამართლიანი იქნებოდა მომხდარიყო ფასების გადახედვა მინერალური გაზირებული წყლის შემთხვევაში. ბორჯომის მაგალითზე 10 ლარის ნაცვლად ფასი უნდა იყოს 30 ლარი და სხვა წყლების შემთხვევაში, საუბარია აქაც გაზირებულ წყლებზე, ვიხილავთ ფასების 200%-იან ზრდას, ხოლო ჩვეულებრივი წყლის შემთხვევაში 100%-იან ზრდას. აქ საუბარია იმაზე, რომ 1000 ლიტრ წყალზე დღეს გადასახდელია 10 ლარი და ამ ცნობის შემდეგ იქნება 30 ლარი", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისი განმარტებით, ეს ნიშნავს იმას, რომ ერთ ლიტრ გაზირებულ წყალზე გადასახადი 1 თეთრის ნაცვლად 3 თეთრი იქნება. მინისტრი ფიქრობს, რომ ამან მინერალური გაზირებული წყლის ფასებში მნიშვნელოვანი ცვლილება არ უნდა გამოიწვიოს.

"მითუმეტეს, კომპანიის ფინანსური შესაძლებლობები კარგად შევისწავლეთ და არამგონია მათი მხრიდან ამ თემით სპეკულირებას ჰქონდეს ადგილი", - დასძინა გიორგი კვირიკაშვილმა.