სოზარ სუბარი:  სახალხო დამცველის რეკომენდაცია არაპროფესიონალურად იყო შედგენილი

სოზარ სუბარი: სახალხო დამცველის რეკომენდაცია არაპროფესიონალურად იყო შედგენილი

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრ სოზარ სუბარის განცხადებით, ციხეებში ტუბერკულოზით დაავადებათა რიცხვის მატებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის რეკომენდაცია არაპროფესიონალურად იყო შედგენილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე სოზარ სუბარმა განუცხადა. 

მისივე თქმით, სისტემაში ტუბერკულოზით დაავადებულ პატიმართა რიცხვი 800-900-დან 300-ს ჩამოსცდა.

"ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, სახალხო დამცველის ინსტიტუტისადმი, პირდად უჩა ნანუაშვილისადმი, ძალიან არ მომეწონა, რომ საკმაოდ არაპროფესიონალურად იყო შედგენილი ეს რეკომენდაცია. წინასწარ რომ გაევლოთ ეს საკითხი ჩვენთან და დაესვათ კითხვები, ძალიან ბევრ რამეზე მიიღებდნენ ამომწურავ პასუხს, რომ ეს ასე არ არის", - განაცხადა სასჯელაღსრულების მინისტრმა.

სოზარ სუბარის თქმით, დღეს 17:00 საათზე მისი მოადგილე ამ საკითხთან დაკავშირებით ბრიფინგს ჩაატარებს, სადაც ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.

ამასთან, სუბარი გამოეხმაურა სახალხო დამცველის რეკომენდაციაში ჩაწერილ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მინისტრი არ შეხვდა კონკრეტულ მსჯავრდებულებს. სოზარ სუბარი ინტერესდება, რომელი მუხლის დარღვევაა ის, რომ მინისტრი არ შეხვდა პატიმარს. მან აღნიშნა, რომ პატიმრებს მინისტრი ხშირად ხვდება და ვიღაცას რომ არ შეხვდა, ამის რეკომენდაციაში ჩაწერა არასერიოზულია.

"სახალხო დამცველის რეკომენდაციას არ ვეთანხმებით არც ერთ პუნქტში", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.