ქუთაისის საკრებულოში შესაძლოა,

ქუთაისის საკრებულოში შესაძლოა, "ნაციონალური მოძრაობის" უმრავლესობა დაიშალოს

ქუთაისის საკრებულოში დღეს, სავარაუდოდ, "ნაციონალური მოძრაობის" უმრავლესობა დაიშლება. "ნაციონალური მოძრაობის" რიგების დატოვებას ხუთი დეპუტატი, მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარე აპირებს.

"ინტერპრესნიუსს" ქუთაისის საკრებულოში ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა, რომ დღეს "ნაციონალური მოძრაობიდან" წასვლის შესახებ განცხადების დაწერას აპირებენ საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე კახაბერ ნემსიწვერიძე და ”ნაცმოძრაობიდან” დეპუტატები -ტატო მესხი, რაულ ქორჩილავა და დავით ჯანაშია. ისინი ამასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას დღეს გააკეთებენ.

ამ დრომდე ქუთაისში 25-კაციან საკრებულოში 14 კაცით უმრავლესობას "ნაციონალური მოძრაობა" ინარჩუნებდა. 5 დეპუტატის გასვლის შემთხვევაში კი "ნაციონალური მოძრაობა" დაიშლება.