ვალერი თელია საავადმყოფოში მიიყვანეს

ვალერი თელია საავადმყოფოში მიიყვანეს

შსს–ს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი ვალერი თელია, რომელიც რამდენიმე დღის წინ მომხდარი ინციდენტის გამო საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა, კლინიკა “მედინაშია” გადაყვანილი.

ვალერი თელია თავდაპირველად ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 3 აპრილს, დაახლოებით ღამის 11 საათზე მიიყვანეს. ექიმების ცნობით მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო.

ექიმ მედეა ჯიხაშვილის თქმით, ვალერი თელიას აღენიშნებოდა ძლიერი ფსიქოლოგიური აღგზნებადობა და ტკივილები სხეულის მარცხენა მხარეს. თუმცა პაციენტმა და მისი ოჯახის წევრებმა დეტალური გამოკვლევები კლინიკა “მედინაში” ამჯობინეს და დატოვეს რესპუბლიკური საავადმყოფო.

ვალერი თელიას სამსახურიდან დათხოვნას მოითხოვს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ბათუმში 28 მარტს საიას აჭარის ოფისის თანამშრომლებსა და აჭარის პოლიციის უფროსს შორის მომხდარი ინციდენტის გამო.

საიას წარმომადგებლები აცხადებენ, რომ ვალერი თელიამ მათ თანამშრომელს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა გენინსპექციის დასკვნით, პოლიციის უფროსის მხრიდან ფიზიკურ შეუარცხყოფას ადგილი არ ჰქონია. შს მინისტრის განცხადებით, ვალერი თელია ვალდებული იყო პოლიციელის მუნდირი დაეცვა, რადგანაც შსს-ს ცნობით, საიას თანამშრომელმა, რომელიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო, თელიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.  გავრცელდა აგრეთვე ოფიციალური ცნობა იმის თაობაზე, რომ თელია არ ფლობს მართვის მოწმობას.