დავით უსუფაშვილმა ჩიორა თაქთაქიშვილს მოუბოდიშა

დავით უსუფაშვილმა ჩიორა თაქთაქიშვილს მოუბოდიშა

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ოპოზიციონერ კოლეგას, ჩიორა თაქთაქიშვილს - "როგორც ჯენლტმენმა ქალბატონს", დღევანდელ სესიაზე ბოდიში მოუხადა. მობოდიშება მისგან თავად თაქთაქიშვილმა მოითხოვა. ოპოზიციონერმა დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარე რეგლამენტის დარღვევაში დაანაშაულა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირინა იმერლიშვილს უსუფაშვილის მიერ რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის შესწავლისა და მასზე რეაგირების მოთხოვნით მიმართა. 

პროცედურულ დავას პარლამენტის თავმჯდომარესა და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს შორის პლენარულ სხდომაზე, სასჯელის შეკრებითობის პრინციპთან დაკავშირებული პაკეტის განხილვისას ჰქონდა ადგილი. კერძოდ, კითხვა-პასუხის რეჟიმის დროს დეპუტატებმა პოზიციის დაფიქსირება სცადეს, თუმცა, იმის გამო, რომ მათი მხრიდან თავად შეკითხვა არ დაისვა, უსუფაშვილმა მიკროფონი გამოურთო. მიკროფონო გამოურთო მან ჩიორა თაქთაქიშვილსაც.

თავის მხრივ თაქთაქიშვილმა პროექტზე დასკვნით გამოსვლაში საუბრისას, დავით უსუფაშვილსაც მიმართა და პროცედურული ფორმების გამოყენებით "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებთან ბრძოლაში დაადანაშაულა. თაქთაქიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს რეგლამენტის იმ ნორმებზეც მიუთითა, რომელიც მისივე შეფასებით, უსუფაშვილმა დაარღვია.

"ბატონო დავით, იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტის ახალი წევრი ხართ, ამ შემთხვევაში დავკმაყოფილდებოდი იმით, რომ ბოდიში მოგეხადათ ზრდილობისა და ჯენლტმენური ქცევის ფარგლებში, მაგრამ თუ ეს არ მოხდება, მივმართავ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარეს, რომ დაინტერესდეს პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან რეგლამენტის დარღვევით, შეისწავლოს საკითხი და მოახდინოს სათანადო რეაგირება", - განაცხადა თაქთაქიშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან.

ბოდიშთან დაკავშირებით თაქთაქიშვილის მოთხოვნა უსუფაშვილმა მაშინვე დააკმაყოფილა. "ქალბატონო ჩიორა! თქვენთან, როგორც ქალბატონთან, მე, როგორც ჯენლტმენი, თუ რამე შემეშალა და შევცდი, ახლავე ბოდიშს გიხდით. რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის ქცევას, ძალიან გთხოვთ, ეს შესაბამისმა კომიტეტმა განიხილოს და რეგლამენტის თაობაზე იქნებ უმცირესობაშიც პატარა ტრენინგები ჩავატაროთ ხოლმე, თუ ეს საქმისთვის საჭირო იქნება", - განაცხადა უსუფაშვილმა ჩიორა თაქთაქიშვილის საპასუხოდ.