ზაზა გაბუნია:  თბილისის საკრებულოში არსებობს შესაძლებლობა, რომ ახალი უმრავლესობა 3 თვეზე ადრე ჩამოყალიბდეს

ზაზა გაბუნია: თბილისის საკრებულოში არსებობს შესაძლებლობა, რომ ახალი უმრავლესობა 3 თვეზე ადრე ჩამოყალიბდეს

თბილისის საკრებულოში უკვე არსებობს შესაძლებლობა და განწყობა, რომ ახალი უმრავლესობა 3 თვეზე ადრე ჩამოყალიბდეს, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ უმცირესობის მიერ გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მოსახლეობის ინტერესების დაცვის და საკრებულოს ეფექტური მუშაობის მიზნით შედის.

"გასაგებია, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" არ აინტერესებს მოსახლეობა და მისი ინტერესები, მაგრამ "ქართულ ოცნებას" კოდექსში ცვლილებები მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით შეაქვს. ეს ხდება იმისთვის, რომ საბურთალოელებს და ჩუღურეთლებს საკუთარი წარმომადგენელი ჰყავდეთ საკრებულოში და საკრებულომ ყველა რაიონის მაჟორიტართან ერთად სრულყოფილად გააგრძელოს მუშაობა", - განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" მოსაზრება, რომ ამ ცვლილებით "ქართული ოცნება" თბილისის საკრებულოში უმრავლესობის მოპოვებას ცდილობს, რეალობას მოკლებულია. "არჩევნები სამ თვეში იმართება. საკრებულოში კი უკვე არსებობს შესაძლებლობა და განწყობა, რომ სამ თვეზე ადრე მოხდეს ახალი უმრავლესობის ფორმირება", - აღნიშნა გაბუნიამ.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი "საარჩევნო კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებებს "ქართული ოცნების" მიერ თბილისის საკრებულოში უმრავლესობის მოპოვების მიზანს უკავშირებს.

როგორც მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკითხის პირველი მოსმენით განხილვისას განაცხადა, აღნიშნულ რაიონებში თვითმმართველობებს ისედაც "ქართული ოცნება" აკონტროლებს, იქ საკრებულოები გამართულად მუშაობს, ბრძოლა კი თბილისისთვის მიმდინარეობს.