შედიოდა თუ არა ოზურგეთის ბაღებში უხარისხო ხორცი, კვირის ბოლოს გახდება ცნობილი

შედიოდა თუ არა ოზურგეთის ბაღებში უხარისხო ხორცი, კვირის ბოლოს გახდება ცნობილი

შედიოდა თუ არა ოზურგეთის ბაღებში ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცი, კვირის ბოლოს გახდება ცნობილი. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში არსებული კვების ჰიგიენურ სტანდარტებთან დაკავშირებით იმსჯელეს დღეს ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში.

არსებული ინფორმაციით, ოზურგეთის #3 საბავშვო ბაღში ინდმეწარმემ ათი დღის წინ უხარისხო ხორცის პროდუქტი შეიტანა, რასაც მშობლების და ბაღის ადმინისტრაციის თანამშრომლების პროტესტი მოჰყვა. ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ოზურგეთის #3 საბავშვო ბაღიდან თანამშრომელმა ხორცი დასამუშავებლად ერთ-ერთ საყასბეში მიიტანა.

როგორც შეხვედრაზე ოზურგეთის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, მაკა ჭყონიამ განაცხადა, მას დაუკავშირდა ბაღის მენეჯერი და ინფორმაცია მიაწოდა, მან კი ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს და სურსათის უვნებლობის სააგენტოს გურიის სამსახურს მიმართა.

ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ მომზადებულ ნასკვნაში აღნიშნულია, რომ ბაღის სამზარეულოდან მიღებული ხორცის თვითნებური გამოტანა, ტრანსპორტირება და კერძო პირის მიერ დამუშავება, ასევე გამზადებული ფარშის შენახვა, წარმოადგენს საკვები პროდუქტების მომზადება-რეალიზაციის წესების უხეშ დარღვევას. აღნიშნულმა სამსახურმა სოფლის მეურნეობის სააგენტოს სურსათის დეპარტამენტს მიმართა, სურსათის უვნებლობის სააგენტოს თანამშრომლებმა პროდუქტის უვნებლობის დასადგენად საბავშვო ბაღში და არაგეგმიური ინსპექტირება ჩაატარა.

დისკუსიაში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები უახლოეს დღეებში ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას გურიის რეგიონში ლაბორატორიის გახსნის მოთხოვნით მიმართავენ, რათა მსგავსი პრობლემები მომავალში გამოირიცხოს.

მრგვალი მაგიდა ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული და მასში ოზურგეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების და ყველა სახელმწიფო უწყების წარმომადგენელი მონაწილეობდა. არ არის გამორიცხული, სოფლის მეურნეობის სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნის შემთხვევაში, საქმის მოკვლევის მიზნით არასამთავრობოებმა ოზურგეთის რაიონულ პროკურატურას განცხადებით მიმართოს.