შემოსავლების სამსახურმა დავების საბჭოს 2013 წლის პირველი კვარტლის საქმიანობის შედეგები შეაჯამა

შემოსავლების სამსახურმა დავების საბჭოს 2013 წლის პირველი კვარტლის საქმიანობის შედეგები შეაჯამა

შემოსავლების სამსახურმა დავების საბჭოს 2013 წლის პირველი კვარტლის საქმიანობის შედეგები შეაჯამა. როგორც "ინტრეპრესნიუსს" შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, 2013 წლის პირველ კვარტალში არსებითად განიხილეს 2574 საჩივარი, საიდანაც სრულად დაკმაყოფილდა 362 საჩივარი, ნაწილობრივ - 1620 საჩივარი, ხოლო არ დაკმაყოფილდა 592 საჩივარი. 

აღნიშნულ პერიოდში გადამხდელების მიერ გასაჩივრებული სადავო თანხის ოდენობა შეადგენდა 219 157 164 ლარს, საიდანაც 100 778 324 ლარი დაკმაყოფილდა. მათ შორის, დავის განმხილველმა ორგანომ, კეთილსინდისიერი გადამხდელის პრინციპიდან გამომდინარე, 172 გადამხდელი დარიცხული სანქციისგან გაათავისუფლა.

"2013 წლის პირველ კვარტალში შემოსავლების სამსახურში ასევე წარმოდგენილი იყო 697 საჩივარი, სადავო 34 693 700 ლარის ოდენობით. ეს საჩივრები განუხილველი დარჩა, ვინაიდან, კანონმდებლობის შესაბამისად, შემოსავლების სამსახური მოკლებული იყო შესაძლებლობას, არსებითად ემსჯელა გასაჩივრებულ საკითხზე. შემოსავლების სამსახურში განხილული საჩივრებიდან დავის შემდგომი გაგრძელება ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში გადამხდელთა მხოლოდ 15%-მა გადაწყვიტა. შემოსავლების სამსახურის და დავების საბჭოს საქმიანობა მაქსიმალურად გამჭვირვალე გახდა. 2013 წლიდან, შემოსავლების სამსახურის შეთავაზების თანახმად, დავების საბჭო ღიაა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის", - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

მათი ინფორმაციით, 2013 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში საგადასახადო და საბაჟო შემოსავლების კუთხით 1615 მილიარდი ლარია მობილიზებული, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 63,5 მილიონი ლარით აღემატება. ზრდის პროცენტმა 4,1% შეადგინა.

როგორც შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, მაღალია საშემოსავლო გადასახადის ზრდის ტემპი. აღნიშნული მაჩვენებელი 448,9 მილიონ ლარს შეადგენს, რაც გასული წლის შესაბამის მაჩვენებელს 19%-ით აღემატება.