მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ ლაფანყურის სპეცოპერაცია წინა მთავრობის მიერ იყო ინსცენირებული

მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ ლაფანყურის სპეცოპერაცია წინა მთავრობის მიერ იყო ინსცენირებული

ექსპერტი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ ლაფანყურის სპეცოპერაცია წინა მთავრობის მიერ იყო ინსცენირებული. ამის შესახებ არეშიძემ დღეს "პრაიმტაიმის" პრესკლუბში განაცხადა. მისი თქმით, შს სამინისტროში დღესაც მუშაობენ ის ადამიანები, ვისაც არ აწყობს ამ ინციდენტის გამოძიება. მამუკა არეშიძის შეფასებით, ლაფანყურის ინციდენტი არის შავი ლაქა წინა ხელისუფლების. 

"ის ვინც ამ ინციდენტში მონაწილეობს, ცდილობს ახლა ამას გაემიჯნოს, ეს იქნება ლორთქიფანიძე თუ მერაბიშვილი. თუმცა ავიწყდებათ, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც არ სურთ სიმართლის დამალვა და რომლებიც სპეცოპერაციის დროს ლაფანყურში იმყოფებოდნენ. ისინი აუცილებლად ისაუბრებენ ამ თემაზე", - აცხადებს მამუკა არეშიძე.

მისივე თქმით, საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ დაგეგმა კონკრეტული ოპერაცია, რომელიც კონკრეტულ შედეგზე იყო გათვლილი და სწორედ ამიტომ მოხდა 28 აგვისტო. არეშიძის ვარაუდით, შესაძლოა, ლაფანყურის ოპერაცია არჩევნების ჩაშლასაც ისახავდა მიზნად.

"იყო სხვა მიზანი და მიიღეს სხვა შედეგი", - ამბობს არეშიძე.

რაც შეეხება აღნიშნულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მიერ საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას, არეშიძე მიიჩნევს, რომ კარგი იქნება თუკი პარლამენტში ამაზე იმსჯელებენ და საზოგადოებას მიაწვდიან ინფორმაციას თუ რეალურად რა მოხდა ლაფანყურში.