თბილისის საკრებულოს წევრი გიგი უგულავას მოუწოდებს მზადყოფნით შეხვდეს საბავშვო ბაღებში გადასახადის გაუქმებას

თბილისის საკრებულოს წევრი გიგი უგულავას მოუწოდებს მზადყოფნით შეხვდეს საბავშვო ბაღებში გადასახადის გაუქმებას

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება – თბილისელების" თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე დედაქალაქის მერს გიგი უგულავას მოუწოდებს მზადყოფნით შეხვდეს საბავშვო ბაღებში გადასახადის გაუქმების შესახებ ცვლილებას და დააკმაყოფილოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებთან დაკავშირებული მოთხოვნები. 

როგორც გულიკო ზუმბაძემ ფრაქციის გაფართოებული სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საქართველოს დედაქალაქის, თბილისის შესახებ კანონში ცვლილებები შედის, რომელიც პირველადი აღზრდის დაწესებულებაში გადახასადს კრძალავს.

ზუმბაძის თქმით, მათ აინტერესებთ, თუ როგორ ემზადება მერია აღნიშნული ცვლილებებისთვის, ვინაიდან 2013 წლის 1 სექტემბრამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი და სერიოზული ღონისძიებებია გასატარებელი.

მისივე თქმით, მას სურდა ინფორმაცია პირველი პირისგან მოესმინა, ბაღების სააგენტოს დირექტორ რამაზ სულამაძისგან, თუმცა სულამანიძემ ტელეფონი გამორთო და თბილისის საკრებულოში არ მივიდა. მისივე თქმით, ფრაქციის სხდომაზე დასასწრებად მესამე და მეოთხე ხარისხის წარმომადგენლები მივიდნენ. გულიკო ზუმბაძემ მათთან დიალოგი არ ისურვა.

იგი მოუწოდებს დედაქალაქის მერიას, რომ დაიწყოს ზრუნვა კონკრეტულ ღონისძიებებზე და მერია მზადყოფნით შეხვდეს 2013 წლის 1 სექტემბერს.

გულიკო ზუმბაძის ინფორმაციით, რამაზ სულამანიძის არმისვლა დედაქალაქის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის მიერ 19 აპრილს დაგეგმილ აქციას უკავშირდება. მისი განმარტებით, არსებობს ინფორმაცია, რომ ბაგა-ბაღები 19 აპრილის აქციისთვის ემზადებიან და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში იკრიბებიან დირექტორები, რომლებიც 19 აპრილთან დაკავშირებით მობილიზაციას გეგმავენ.

ფრაქცია "ქართული ოცნება –თბილისელების" სხდომას ფრაქციის წარმომადგენლებთან ერთად მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის წარმომადგენელი, ასევე თბილისის ბაგა-ბაღების ყოფილი და მოქმედი გამგეები და აღმზრდელები ესწრებიან.

სხდომაზე განიხილავენ თბილისის ბიუჯეტში მოსალოდნელ ცვლილებებს, ასევე ისაუბრებენ ბაღებში ბავშვთა რაოდენობისა და კონტიგენტის შესახებ, განიხილავენ დაკეტილი და გაუქმებული ბაგა-ბაღების აღდგენის პერსპექტივებსა და გამოთქვამენ სკოლამდელი აღზრდის პროგრამასთან დაკავშირებულ შენიშვნებს.