მაია ფანჯიკიძემ რიო ბრანკოს ინსტიტუტში ლექცია წაიკითხა

მაია ფანჯიკიძემ რიო ბრანკოს ინსტიტუტში ლექცია წაიკითხა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრაზილიაში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რიო ბრანკოს ინსტიტუტში იმყოფებოდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო უწყებიდან აცნობეს, უნივერსიტეტსა და სასწავლო ცენტრს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

"ეს საშუალებას მოგვცემს, გავიზიაროთ გამოცდილება ამ ტრადიციულად ძლიერი აკადემიისგან, გავცვალოთ დიპლომატები, რომლებიც გაივლიან სპეციალურ კურსებს. ეს მნიშვნელოვანია კვალიფიკაციის ამაღლებისთვის", – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

რიო ბრანკოს დიპლომატიური აკადემიის ხელმძღვანელ სერჯიო ბარეირუშის თქმით, ბრაზილიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის უზარმაზარი პოტენციალი არსებობს.

"ვფიქრობ, დიპლომატებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ ორი ქვეყნის ხალხების ერთმანეთთან დაახლოებისა და მათ შორის ურთიერთგაგების განმტკიცების მიზნით. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია თანამშრომლობის სფეროში შეთანხმების ხელმოწერა, რომელიც ორი ქვეყნის შესახებ ინფორმაციის გაცვლისა და ურთიერთგაგების მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯია", - განაცხადა სერჯიო ბარეირუშმა.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი სიტყვით გამოვიდა რიო ბრანკოს ინსტიტუტშიც, სადაც მან საქართველოსა და ბრაზილიის ორმხრივ ურთიერთობებზე და საქართველოს საგარეო პრიორიტეტებზე ისაუბრა, წაიკითხა ლექცია თემაზე: "საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები". მაია ფანჯიკიძე ბრაზილიის წამყვანი გამოცემა O Globo-ს წარმომადგენლებსაც შეხვდა.