ივნისიში შესაძლოა, ექვს საარჩევნო ოლქში საკრებულოს შუალედური არჩევნები ჩატარდეს

ივნისიში შესაძლოა, ექვს საარჩევნო ოლქში საკრებულოს შუალედური არჩევნები ჩატარდეს

ივნისის თვეში შესაძლოა, ექვს საარჩევნო ოლქში საკრებულოს შუალედური არჩევნები ჩატარდეს. კერძოდ - წალკაში, ონში, მესტიაში, ჩოხატაურში, ხობში, თბილისში, სადაც საკრებულოები სამმა და სამზე მეტმა დეპუტატმა დატოვა. ამის შესახებ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ხელმძღვანელმა ირინა იმერლიშვილმა განაცხადა, რომელიც კოლეგებს პირველი მოსმენით "საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტს აცნობს. საკრებულოების შუალედური არჩევნები ზემოაღნიშნულ საარჩევნო ოლქებში კი იმ შემთხვევაში გაიმართება, თუკი პარლამენტი წარდგენილ ინიციატივას მხარს დაუჭერს. 

"დღეის მდგომარეობით ექვს საკრებულოში სამი და სამზე მეტი დეპუტატია გამოკლებული. ეს განსაკუთრებით მტკივნეულია სოფლებისთვის, როცა მათ საკრებულოში ადგილობრივი მაჟორიტარი არ ჰყავთ. ამასთან, ასეთ საკრებულოებში გადაწყვეტილებების მიღება ჭირს", - აღნიშნა იმერლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ წარდგენილი პროექტით საკრებულოებში გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესი მთლიანად იცვლება. ცვლილებები საკრებულოს გამოკლებული მაჟორიტარის ადგილმონაცვლის საკითხს ეხება.

პროექტით, საკრებულოს მაჟორიტარული შუალედური არჩევნების გამართვის ვადა და სიხშირე იზრდება. კერძოდ, შეთავაზებული ცვლილბების თანახმად, საკრებულოს მაჟორიტარული წესით არჩეული წევრების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მას შემდეგ რაც, მათი რაოდენობა ნაცვლად ხუთისა, სამს მიაღწევს, შუალედური არჩევნები ჩატარდება. შუალედური არჩევნები კი გაიმართება უახლოეს თებერვალში, ივნისში ან ოქტომბერში, თუკი შესაბამისი თვის ბოლომდე 70 დღეზე მეტია დარჩენილი, ხოლო თუ დარჩენილია 70 დღეზე ნაკლები, შუალედური არჩევნები ზემოაღნიშნულთაგან შესაბამის მომდევნო თვეში ჩატარდება. შესაბამისად, წამოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის გახორციელების შემთხვევაში, საკრებულოს შემადგენლობის შევსება სამჯერ მოხდება. გარდა ამისა, პერიოდი, რომლის განმავლობაშიც საკრებულოს შუალედური არჩევნები არ ტარდება, ორი წლიდან ერთ წლამდე მცირდება ანუ შუალედური არჩევნები არ ჩატარდება იმ შემთხვევაში, თუკი საკრებულოს უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ერთ წელზე ნაკლებია დარჩენილი.

საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.