ტაო-კლარჯეთსა და ლაზეთში შესაძლოა, დახურული ტიპის ორი ქართული მონასტერი დაარსდეს

ტაო-კლარჯეთსა და ლაზეთში შესაძლოა, დახურული ტიპის ორი ქართული მონასტერი დაარსდეს

ისტორიულ ტაო-კლარჯეთსა და ლაზეთში შესაძლოა, დახურული ტიპის ორი ქართული მონასტერი დაარსდეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, თეოდორე ჭუაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ამის შესახებ საუბარი იყო თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ აჰმეთ დავითოღლუსთან შეხვედრაზე.

"საუბარიო იყო იმაზე, რომ გაკეთდეს ორი მონასტერი - ერთი ტაო-კლარჯეთის მხარეში, მეორე - ლაზეთის მხარეში. ორივე იქნება ჩაკეტილი მონასტერი; შიგნით ილოცებენ და არ იქნება საფრთხის შემქმნელი, მოსახლეობაში მართლმადიდებლობას არ იქადაგებენ. მონასტრები მოემსახურებიან ჩამსვლელ მომლოცველებს საქართველოდან ან სხვა ქვეყნებიდან", _ აღნიშნა პატრიარქის ქორეპისკოპოსმა.

მისივე თქმით, სამონასტრო კომპლექსებისთვის ჯერ ტაძრები შერჩეული არ არის. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ მიმართულებით საუბარს გააგრძელებენ.

მიტროპოლიტმა ასევე განმარტა, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ბათუმში გაკეთებული განცხადება, რომ ტაო-კლარჯეთში არსებულ ქართულ ტაძრებთან დაკავშირებით თურქეთის არც ერთ მოქალაქეს არ მიუმართავთ.

"მინისტრი საუბრობს, რომ თურქეთი ასეთ შემთხვევაში საკუთარი მოქალაქის ყველა რელიგიურ სურვილს დააკმაყოფილებს. სამწუხაროდ, თურქეთში არც ერთი ქართული სათვისტომო, როგორც ქრისტიანული სათვისტომო, დარეგისტრირებული არ არის. უნდა დარეგისტრირდეს, როგორც ქრისტიანული სათვისტომო და შემდეგ მიმართონ თურქეთის ხელისუფლებას, რომ მიეცეს ლოცვის საშუალება. იქ სამწუხაროდ მართლმადიდებელი ქართველები არ ცხოვრობენ და ვერავინ ვერ მიმართავს. მაგრამ, არის შესაძლებელი, გაკეთდეს მონასტერი", _ დასძინა მეუფე თეოდორემ.