ცესკო-ს თავმჯდომარე საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვის პროცესში ჩართვას ითხოვს

ცესკო-ს თავმჯდომარე საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვის პროცესში ჩართვას ითხოვს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი პარლამენტს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვის პროცესში საარჩევნო ადმინისტრაციის ჩართვისაკენ მოუწოდებს. 

ამასთან დაკავშირებით დღეს ზურაბ ხარატიშვილმა პრესკონფერენცია გამართა. როგორც ხარატიშვილი აცხადებს, პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც შეეხება შუალედური არჩევნების ჩატარებას საკრებულოების მაჟორიტარული წესით არჩეული გამოკლებული წევრის ნაცვლად. თუმცა ამ ინიციატივის შემუშავების დროს საარჩევნო ადმინისტრაცია ჩართული არ ყოფილა.

"არც უმრავლესობაში და არც უმცირესობაში არ გასჩენია არავის კითხვა და აზრი, რომ როდესაც ამ ცვლილებებს ვამზადებთ და დღის წესრიგში შეგვაქვს, იქნებ დაინტერესებული მხარეებისთვის, თუნდაც არასამთავრობოებისთვის და საარჩევნო ადმინისტრაციისთვის გვეკითხა მაინც ტექნიკურად რაიმე პრობლემა ხომ არ წარმოიშობა. ვფიქრობ, ეს საკითხისადმი ზედაპირული მიდგომაა. ცვლილებების შესახებ ჩვენ მედიისგან ვიგებთ", - განაცხადა ზურაბ ხარატიშვილმა.

ცესკოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ ეს არ არის პირველი ფაქტი, როდესაც ცვლილებების დროს საარჩევნო ადმინისტრაციას არ რთავენ პროცესში. ხარატიშვილი მიიჩნევს, რომ საკრებულოს შუალედური არჩევნების ჩატრების წესში ცვლილებების შესახებ ინიციატივა ნაჩქარევია. 

"ამ ინიციატივის მიხედვით, საკრებულოების შუალედური არჩევნები შეიძლება გაიმართოს თებერვალში, ივნისსა და ოქტომბერში. გარდა ამისა, როგორც ცნობილია პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება აპრილსა და ოქტომბერში, ანუ წლის პირველ ნახევარში შესაძლოა გვქონდეს სამი შუალედური არჩევნები. დღევანდელი კანონმდებლობით საარჩევნო ციკლი არანაკლებ ორთვენახევრის პერიოდს მოიცავს, ხოლო ორთვიანმა შუალედებმა შეიძლება გამოიწვიოს შუალედური საარჩევნო ციკლების გადაფარვა, რაც კოდექსით არ არის გათვალისწინებული", - აცხადებს ხარატიშვილი.