დავით საყვარელიძე:  შინაგან საქმეთა სამინისტრო ისევ პოლიტიზირებულია

დავით საყვარელიძე: შინაგან საქმეთა სამინისტრო ისევ პოლიტიზირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საუბედუროდ, ისევ პოლიტიზირებულია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით საყვარელიძემ დღეს პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, შსს არა დანაშაულის, არამედ 19 აპრილის აქციის პრევენციითაა დაკავებული.

"მე ძალიან კარგად მახსოვს პარლამენტში პირველივე მობრძანების დროს ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ მისი მთავარი ამოცანა, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის, იქნება პოლიციის დეპოლიტიზაცია, თუმცა ამას მოჰყვა 8 თებერვალი, სადაც მან იქ შეკრებილი მოქალაქეები "ჩვენს" და "მათ" მომხრეებად დაჰყო. როცა მინისტრი საზოგადოებას "ჩვენს" და "მათ" მომხრეებად ჰყოფს, საუბარი უწყების დეპოლიტიზაციაზე ზედმეტია. შინაგან საქმეთა სამინისტრო, საუბედუროდ, ისევ პოლიტიზირებულია და 19 აპრილის პრევენციითაა დაკავებული, ვიდრე დანაშაულის პრევენციით. მინდა მივმართო ჩვენს ოპონენტებს – დამიჯერეთ, უკან დაგვრჩება ყოველგვარი ეკონომიკური პოლიტიკა, ყოველგვარი ინვესტიციები, ყოველგვარი რაბათი, ბათუმი თუ გაკეთებული ყვარელი, თუ დანაშაულის მატება ასეთი ტემპით გაგრძელდება და პოლიცია იქნება დაკავებული არა დანაშაულის პრევენციით, არამედ 19 აპრილის აქციის პრევენციით", - აღნიშნა დავით საყვარელიძემ.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა სხდომაზე დანაშაულის სტატისტიკაც წარმოადგინა და აღნიშნა, რომ ინფორმაცია თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის.

"შსს-ის სტატისტიკით, 84 %-ითაა გაზრდილი ყაჩაღობა, 142 % ბინის გატეხვის ფაქტები, 55 %-ითაა მომატებული ქურდობა და 56 %-ითაა გაზრდილი ნარკოტიკის უკანონო ბრუნვა. მკვლელობაც კი, რომელსაც არ ჰქონდა სისტემური ხასიათი, მომატებულია, რაც ნიშნავს, რომ დანაშაულის სინდრომი არის შენელებული. ნუთუ "ქართული ოცნების" მთავარი დაპირება ეს იყო? არამგონია, რომ ქართველ ხალხს თქვენთვის ხმა მოეცა იმისთვის, რომ დანაშაულის რაოდენობა გაზრდილიყო", - აღნიშნა საყვარელიძემ და აქვე ივარაუდა, რომ ამნისტირებული პატიმრების უმეტესობა "ძალიან ცუდი საქმეეების კეთებით არის დაკავებული, რის პრევენციასაც შსს ვერ ახდენს".