არასამთავრობოები პარლამენტს

არასამთავრობოები პარლამენტს "საზმაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წევრების ეტაპობრივად ჩანაცვლებას ურჩევენ

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წევრების ეტაპობრივად ჩანაცვლებას ურჩევენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოდან" აცნობეს, ამ თემაზე არასამთავრობოებმა დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. 

"საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სამეურვეო საბჭოს სრულად დათხოვნა შექმნის მეტად საშიშ პრეცედენტს, რაც საპარლამენტო უმრავლესობებს მომავალშიც მისცემს მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სურვილისამებრ შეცვლის შესაძლებლობას. ასეთ პირობებში, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოსა და მენეჯმენტის წარმომადგენლები საპარლამენტო უმრავლესობის ყოველი ცვლილებისას სამსახურის დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგებიან. მეტიც, ასეთი პრეცენდენტის შექმნის შემთხვევაში, მატულობს პოლიტიკური ჩარევის რისკი, არა მხოლოდ "საზოგადოებრივი მაუწყებლის", არამედ ყველა იმ სამთავრობო სტრუქტურის საქმიანობაში, რომლებიც პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს უნდა ინარჩუნებდნენ", - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ პარლამენტმა სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების წესის განხილვისას გარდამავალ პერიოდში სამეურვეო საბჭოს ეტაპობრივად ჩანაცვლების შესაძლებლობა უნდა გაითვალისწინოს.

"როტაციის პრინციპის გათვალისწინებით, უახლოეს პერიოდში საბჭოში ექვსი ვაკანტური თანამდებობა იქნება, რომელთა შესავსებად დაკომპლექტების ახალი წესების იქნება შესაძლებელი. ასეთი მიდგომის შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლება თავიდან აიცილებს საბჭოს დაშლის ნეგატიურ პრეცედენტს, უზრუნველყოფს სამეურვეო საბჭოს დამოუკიდებლობის მეტ ხარისხს და შეასრულებს საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, ეუთო-ს რეკომენდაციებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით", - აღნიშნავენ არასამთავრობოები.