საქალაქო სასამართლოში ხმაური იყო

საქალაქო სასამართლოში ხმაური იყო

ბაჩო ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებულების სასამართლო პროცესის დაწყებამდე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაური იყო. 

იმ დარბაზიდან, სადაც ახალაიას პროცესი იყო ჩანიშნული, თეა თუთბერიძე დარბაზიდან მანდატურის თანამშრომლებმა გაიყვანეს. თუთბერიძე პროცესზე დავით ტატიაშვილის დაშვებას მოითხოვდა. როგორც თუთბერიძე ამბობს, მანდატურის სამსახურმა ტატიაშვილი პროცესზე იმ მოტივით არ დაუშვა, თითქოს გუშინ პროცესიდან მოსამართლემ გააძევა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.

თეა თუთბერიძის განმარტებით, დავით ტატიაშვილმა გუშინდელი პროცესი საკუთარი გადაწყვეტილებით, პროტესტის ნიშნად დატოვა. ამასთან, დავით ტატიაშვილმა მოსამართლის სახელზე განცხადება დაწერა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მან გუშინ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.

"მე, როგორც მოქალაქემ დარბაზიდან გამოვთქვი პროტესტი, წარმოვთქვი რეპლიკა, მივმართე მოსამართლეს, რომ პროტესტის ნიშნად ვტოვებდი სასამართლო სხდომას. პატივცემულო მოსამართლე, თქვენ არ გაგიძევებივართ სხდომიდან, არ გიკითხავთ არც ჩემი სახელი და გვარი, არც ის გაგიცხადებიათ, რომ ვარ გაძევებული მთლიანად პროცესიდან და მეკრძალება აღნიშნული პროცესის განმავლობაში სხდომებზე დასწრება. დღეს მოვედი, რომ დავსწრებოდი ბაჩო ახალაიას და სხვათა საქმეზე მიმდინარე პროცესს, თუმცა პროცესის დაწყებამდე როდესაც მანდატურებმა გააღეს სხდომათა დარბაზი, არ მომცეს შესაძლებობა, დამჯდარიყავი სხდომათა დარბაზში. მანდატურის სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელი მეუბნებოდა, თითქოსდა მე ვარ გაძევებული პროცესიდან. კანონით პროცესიდან გაძევებას აქვს თავისი ფორმები, რაც ჩემი მხრიდან 2 აპრილის სხდომათა დარბაზის დატოვების დროს არ ყოფილა გამოყენებული ჩემს მიმართ", - აღნიშნულია ტატიაშვილის განცხადებაში.

იგი მიმართავს მოსამართლეს, რომ როგორც დაინტერსებულ პირს, პროცესზე დასაწრების საშუალება მიეცეს.