ნუგზარ წიკლაური:  ონიშენკოსთვის მუდმივი ხვეწნა რუსულ ბაზარზე შევიდეს, მოსკოვთან ურთიერთობებში

ნუგზარ წიკლაური: ონიშენკოსთვის მუდმივი ხვეწნა რუსულ ბაზარზე შევიდეს, მოსკოვთან ურთიერთობებში "დიდ გარღვევას" არ ნიშნავს

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, გენადი ონიშენკოსთვის მუდმივი ხვეწნა-მუდარა, რომ ქართული ტარხუნა და ნიახური რუსულ ბაზარზე შევიდეს, მოსკოვთან ურთიერთობებში "დიდ გარღვევას" არ ნიშნავს.

ამის შესახებ წიკლაურმა დღეს, პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მან "ოკუპაციის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებაზე ისაუბრა და მას "ანტისახელმწიფოებრივი" უწოდა.

"რამდენიმე დღეა პარლამენტში განიხილება "ოკუპაციის შესახებ" კანონში ცვლილებები, კერძოდ, იგეგმება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულების გაუქმება, რაც გულისხმობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს გვერდის ავლით შესვლის შემთხვევაში პირის მიმართ სისხლის სამართლის დევნის ადმინისტრაციული დევნით შეცვლას. კანონის შეცვლა უპრიანი და მიზანშეწონილი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დეოკუპაციის მიმართულებით ჩვენი მოწინააღმდეგე, ოკუპანტი ქვეყანა გადადგამდა გარკვეულ პოზიტიურ ნაბიჯებს, მაგრამ ასეთ პოზიტიურ ნაბიჯებს ჩვენ ვერ ვხედავთ. მაშინ, ჩემთვის გაუგებარია რისთვისაა გამოწვეული კანონში ცვლილებები. მიმაჩნია, რომ ამგვარი ცვლილებები არის ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი და ის ასუსტებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. შეიძლება ვინმე თვლის, რომ რუსეთთან ჩვენ გვაქვს დიდი გარღვევა და ეს ონიშენკოსთვის გამუდმებით ხვეწნა-მუდარაში გამოიხატება, რომ ჩვენი ტარხუნა და ნიახური იქნას შეტანილი რუსულ ბაზარზე, მაგრამ მე ეს საკმარის საბუთად არ მიმაჩნია იმისთვის, რომ ოკუპანტი ქვეყნის რეაგირება ჩვენს სამშვიდობო შეთავაზებებზე პოზიტიურად მივიჩნიო", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

აღნიშნულ კონტექსტში დეპუტატმა მთავრობასაც მიმართა და "ანტისახელმწიფოებრივი ქმედების" შეწყვეტისკენ მოუწოდა.

"1-ელ ოქტომბერს თქვენს მიმართ გამოცხადებული იქნა მართლაც დიდი ნდობა ქართველი ხალხის მხრიდან, ძალიან მნიშვნელოვანია რაში გამოიყენებთ მას – წინასაარჩევნო დაპირებების შესასრულებლად თუ მითიური სამართლიანობის აღდგენისთვის, რომლის ფარგლებშიც განახორციელეთ ჩახალიანის და შკრილნიკოვის გამოშვება, ებრძვით პრესას. ახალი ნაბიჯია სახალხო დამცველის ანგარიშიც, რომელიც მთლიანად ეხმიანება რუსეთთის ხელისუფლების პოზიციებს, რომ საქართველო ტერორისტული ქვეყანაა, რომ აქ მზადდებიან ტერორისტები, რაც პირდაპირ ქმნის წინაპირობას, რომ ჩვენმა მოწინააღმდეგემ კვლავ განახორციელოს დესტრუქციული ქმედებები", - აღნიშნა წიკლაურმა.