გოკა გაბაშვილი:  რაბათის წინააღმდეგ ბრძოლა სწორი საქციელი არ არის

გოკა გაბაშვილი: რაბათის წინააღმდეგ ბრძოლა სწორი საქციელი არ არის

რაბათი მესხეთის ცოცხალი ტურისტული მთავარი ცენტრი იყო და ამ ადგილის წინააღმდეგ ბრძოლა სწორი საქციელი არ არის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მისი თქმით, ერთ-ერთი ფაქტორი რატომაც შეიძლება ეკონომიკაში შეფერხება იყოს, არის პოლიტიკის წარმოება ვიღაცის ჯინაზე და ამის მაგალითია რაბათის თემა.

"ეს არის ადგილი, რომლის რეაბილიტაცია განხორციელდა, რომელმაც დიდი მნიშვნელობა შეიძინა რეგიონისთვის, სადაც ბევრი ადამიანი მუშაობდა და უმეტესობა მათგანი სამსახურიდან დათხოვნილია, სადაც იხსნებოდა ახალი ობიექტები, ახალი მაღაზიები და ყველა მათგანი დაკეტილია. ანუ ერთი ცოცხალი ადგილი, რეაბილიტირებული რაბათის ციხე დღეს ვიღაცის ჯინაზე, კონკრეტული პერსონალური ბოღმების ხარჯზე გაჩერებულია", - აღნიშნა გაბაშვილმა.

როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა აღნიშნა, მან იცის საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფოს შორის არსებული ხელშეკრულება და ის საკითხები, რომლებზეც არის საუბარი მთავრობის წერილში, რომელიც პრეზიდენტის მიმართ იქნა მიწერილი, იქ საერთოდ არ არის საუბარი იმაზე, რომ ჯვრების გამოხატულებით ისტორიული ქვები იქიდან უნდა იქნეს გამოტანილი.

"თურმე წინა სამუშაოებს იქ ნორმები ძალიან დაურღვევია. რაბათი ცოცხალი ტურისტული მთავარი ცენტრი იყო მესხეთის და ამ ადგილის წინააღმდეგ ბრძოლა არ არის სწორი საქციელი", - დასძინა მან.