ვანო მერაბიშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, რაბათის წინააღმდეგ ბრძოლა შეწყვიტონ

ვანო მერაბიშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, რაბათის წინააღმდეგ ბრძოლა შეწყვიტონ

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, რაბათის წინააღმდეგ ბრძოლა შეწყვიტონ. როგორც პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე

ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, 1-ელი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დღევანდელი ხელისუფლება სრულიად გაუგებარი მიზეზით ებრძვის ახალციხის რაბათის კომპლექსს.

ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ ჯერ ყველა ობიექტი დაიხურა, რომელიც რაბათის ციხის ტერიტორიაზე მდებარეობდა, შემდეგ 165 ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილი; დარჩენილ პერსონალს ხელფასები ორჯერ, სამჯერ და რიგ შემთხვევაში, ოთხჯერაც კი შეუმცირდათ.

გარდა ამისა, ”ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი ამბობს, რომ დაიკითხა ყველა მშენებელი, რომელიც რაბათის ციხეზე მუშაობდა, ასევე ყოფილი გამგებელი და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

"ეს არ იკმარეს და ბოლოს გადაწყვიტეს, რაბათის კომპლექსს იერსახე შეეცვალოს. უფრო მეტიც, გამოთქვეს საყვედური, რომ ძველი ისტორიული იერსახე დაეკარგა ამ ისტორიულ ძეგლს", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე წარმოადგინა რეკონსტრუქციამდე რაბათის და ახლანდელი რაბათის ფოტოები. მერაბიშვილის განცხადებით, ბოლო თვეების განმავლობაში ეს კომპლექსი ყველა ახალციხელის სიამაყედ იქცა და იყო ყველაზე ნათელი წერტილი რეგიონში.

"მოვუწოდებ ახალ ხელისუფლებას, თუ გნებავთ ვთხოვ, შეწყდეს ბრძოლა რაბათის წინააღმდეგ", - განაცხადა მერაბიშვილმა. მისი თქმით, გასაგებია, რომ რაბათის კომპლექსი მის სახელთან არის ასოცირებული, მაგრამ ეს არ არის მთავარი მიზეზი, რატომაც დღეს განცხადება გააკეთა.

ვანო მერაბიშვილი ამბობს, ეს არის ახალციხის და სამცხე-ჯავახეთის მომავალი განვითარების საფუძველი და თუ ახალ ხელისუფლებას რაიმეს გაკეთება სურს, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. მერაბიშვილი მოხარული იქნება, თუ ახალი ხელისუფლება ამას უკეთესად გააკეთებს.

"მაგრამ თუკი გადაწყვეტს, რომ ჩვენ მიერ აშენებული დაანგრიოს, გააფუჭოს, მე მეგობრებთან ერთად გავაკეთებ მოძრაობას რაბათის ციხის გადასარჩენად", - განაცხადა მერაბიშვილმა.