საპარლამენტო უმცირესობა ომბუდსმენის მოსმენის თარიღის გადაწევას ითხოვს

საპარლამენტო უმცირესობა ომბუდსმენის მოსმენის თარიღის გადაწევას ითხოვს

საპარლამენტო უმცირესობა სახალხო დამცველის მოსმენის თარიღის რამდენიმე კვირით გადაწევას ითხოვს. როგორც უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე განაცხადა , უმჯობესი იქნება თუ ანგარიშის განხილვა მისი ვრცელი მოცულობიდან და შინაარსიდან გამომდინარე კომიტეტებში აპრილის ბოლოს დაიწყება. 

აქამდე არსებული ინფორმაციით, როგორც დღევანდელ ბიუროზე აღინიშნა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვა 16 აპრილს უნდა მომხდარიყო.
თარიღის გადაწევას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელიაც დაეთანხმა. "ომბუდსმენთან კონსულტაციებს გავივლი და ინფორმაციას მომდევნო ბიუროს სხდომაზე წარვადგენ. თუმცა, შესაძლოა, კომიტეტში სახალხო დამცველის მოსმენა გადავწიოთ და უჩა ნანუაშვილს აპრილის ბოლოს მოვუსმინოთ", - დასძინა ბესელიამ.

თარიღის გადაწევას უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ზაქარია ქუცნაშვილი არ დაეთანხმა. ქუცნაშვილის თქმით, იქედან გამომდინარე, რომ საზოგადოებაში ანგარიშის მოსმენის დიდი ინტერესია, უმჯობესია, თუ ომბუდსმენს კომიტეტი 16 აპრილს მოუსმენს.

სახალხო დამცველის მიერ მომზადებული 770 გვერდიანი ანგარიში პარლამენტში მარტის ბოლოს შევიდა.