ნოდარ ხადური:  2013 წლის ბიუჯეტის შესრულებას პრობლემა არ შეექმნება

ნოდარ ხადური: 2013 წლის ბიუჯეტის შესრულებას პრობლემა არ შეექმნება

2013 წლის პირველი კვარტლის ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 63,5 მლნ ლარით გადააჭარბა, - ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა. მისივე თქმით, საგადასახადო შემოსავლების კუთხით ბიუჯეტის გადაჭარბებით შესრულების ტენდენცია გრძელდება. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2013 წლის მარტში ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების კუთხით მობილიზებულია 745.5 მლნ ლარი, რაც 2012 წლის მარტის მონაცემებს 41.5 მლნ ლარით აღემატება.

საგადასახადო შემოსავლების კუთხით ზრდა იანვარსა და თებერვალშიც დაფიქსირდა.

"თებერვალში მობილიზებულმა თანხამ შეადგინა 408.3 მლნ ლარი, რაც 12.0 მლნ ლარით აღემატება 2012 წლის თებერვლის მაჩვენებელს. იანვარში საგადასახადო შემოსვლებმა შეადგინა 461.8 მლნ ლარი, 2012 წლის იანვარში ამ კუთხით მობილიზებული თანხა 451.7 მლნ ლარია. მატება 10.1 მლნ ლარს შეადგენს. 2013 წლის პირველ კვარტალში ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების კუთხით მობილიზებულია 1 615.5 მლნ ლარი, რაც 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 63,5 მლნ ლარით აღემატება. 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 55,3 მლნ ლარით აღემატება მიმდინარე წლის იანვარ-მარტში სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებიც, რომელმაც 1 553,5 მლნ ლარი შეადგინა", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

მინისტრის ინფორმაციით, დადებითი ტენდენცია შენარჩუნებულია საკონტროლო-სალარო აპარატებით გამოწერილი ჩეკების რაოდენობისა და ამ კუთხით ბიუჯეტში მობილიზებული თანხების მიმართულებით.

"2013 წლის მარტში გაიცა 71 875 232 ჩეკი, ხოლო 2012 წლის მარტში – 68 917 607. 2013 წლის თებერვალში გაიცა 61 034 985 ჩეკი, ხოლო 2012 წლის თებერვალში - 59 120 191. 2013 წლის იანვარში გაიცა – 63 846 271 ჩეკი, ხოლო 2012 წლის თებერვალში – 37 616 560. 2013 წლის პირველ კვარტალში გამოწერილი ჩეკების რაოდენობამ 196 756 488 შეადგინა, რაც დაახლოებით 32 მლნ ლარით მეტია 2012 წლის პირველი კვარტლის მონაცემებზე. საკონტროლო-სალარო აპარატებით გაცემული ჩეკების მიხედვით გადახდილი თანხის ოდენობა 2013 წლის პირველ კვარტალში შეადგენს 3,683 მლნ ლარს, ხოლო 2012 წლის ანალოგიურ პერიოდში - 2,866 მლნ ლარს. 2013 წლის სამ თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია ექსპორტის მაჩვენებელი და შეადგენს 398 მლნ აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში, რაც 16 მლნ დოლარით აღემატება 2012 წლის პირველი კვარტლის მონაცემებს. 2013 წლის I კვარტალში საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის პროფიციტმა, წინასწარი მონაცემებით, 180,5 მლნ ლარი შეადგინა, 2012 წლის ანალოგიური მაჩვენებელი კი 168,8 მლნ ლარით განისაზღვრა", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

მინისტრის ინფორმაციით, ბიუჯეტის შესრულებისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების პოზიტიური მაჩვენებლები ადასტურებს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური გარემო გაუმჯობესებულია.

"გაზრდილია ბიზნესაქტივობა, მათ შორის, მცირე და საშუალო საწარმოთა ბრუნვა. პირველი კვარტლის მონაცემები მიუთითებს, რომ 2013 წლის ბიუჯეტის შესრულებას არანაირი პრობლემა არ შეექმნება და მთავრობა აღებულ ვალდებულებებს შეასრულებს", - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.