ზურაბ ჯაფარიძე ფინანსურ-საგადასახადო ამნისტიაზე მომზადებულ პაკეტს სესიაზე აღარ გაიტანს

ზურაბ ჯაფარიძე ფინანსურ-საგადასახადო ამნისტიაზე მომზადებულ პაკეტს სესიაზე აღარ გაიტანს

ფინანსურ-საგადასახადო ამნისტიის გამოცხადებისა და ეკონომიკურ-სამეწარმეო დანაშაულების დეკრიმინალიზაციის თაობაზე მომზადებული პაკეტის სესიაზე გატანას , საკითხის ინიციატორი, ზურაბ ჯაფარიძე არ აპირებს. 

აღნიშნულ საკანონმდებლო პროექტთან დაკავშირებით, საპარლამენტო კომიტეტების უარყოფითი დასკვის მიუხედავად, რეგლამენტი დეპუტატს საკითხის სესიაზე გატანის შესაძლებლობას აძლევს, თუმცა, როგორც ჯაფარიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, "ამის გაკეთებას აზრი არ აქვს, რადგან პაკეტი მაინც ჩავარდება".

"ინიციატივის მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ბიზნესს, რომელსაც სახელმწიფოს მიმართ საგადასახადო დავალიანებები მართებს, აკისრია ჯარიმა-საურავები, მოხდეს მათი ამ ვალდებულებისგან გათავისუფლება და ამით მათ ამუშავებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობა მიეცეს. კანონპროექტს საპარლამენტო უმრავლესობა წინააღმდეგობას უწევს, თუმცა მათგან კონკრეტული არგუმენტები ვერ მოვისმინე. რაკი გამოითქვა მოსაზრება, რომ თითქოს წარმოდგენილი ინიციატივა წინა ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნემენებისთვის კეთდებოდა, პროექტში გარკვეული ზღვარიც ჩაიდო და ჩაიწერა, რომ საგადასახადო ამნისტია იმ კომპანიებს არ შეხებოდა, რომელთა წლიური ბრუნვაც 2 მილიონს აღემატებოდა. მზად ვიყავი, კანონპროექტში ასახულიყო ისიც, რომ ამნისტია არც ისეთ კომპანიებს შეხებოდა, რომლებიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შემოწმებული არ იყვნენ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ჯაფარიძემ.

ჯაფარიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ" და მისგან გამომდინარე კანონპროექტები გუშინ პირველი მოსმენით დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე განიხილეს. საკანონმდებლო პაკეტზე იმსჯელეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზეც.

კომიტეტებმა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი არ დაუჭირეს, რადგან მიიჩნიეს, რომ ის პრინციპულად არ განსხვავდება პრეზიდენტის მიერ რამდენიმე ხნის წინ ინიცირებული კანონპოექტისგან, რომელიც პარლამენტმა "ჩააგდო". როგორც საკითხის განხილვისას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ონოფრიშვილმა აღნიშნა, წარმოდგენილ კანონპროექტში ცალკეული პუნქტები გაუმჯობესებულია, თუმცა არსებობს ისეთი საკითხები, რომელთაც მხარს ვერ დაუჭერს. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დავით ებრალიძემ კი განაცხადა, რომ ჯაფარიძის კანონპროექტს მთავრობა მხარს არ უჭერს, თუმცა კანონპროექტით გათვალისწინებულ რამდენიმე საკითხზე ფინანსთა სამინისტრო მუშაობს და საკუთარ ხედვას პარლამენტს მოგვიანებით წარუდგენს.