იუსტიციის სახლში კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

იუსტიციის სახლში კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

თბილისის იუსტიციის სახლში დღეს იუსტიციის მინისტრის მოადგილე დავით ჯანდიერი და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ეკა კერესელიძე კომერციული ბანკების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე საჯარო რეესტრსა და ბანკებს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის პროცესში წარმოქმნილი ის პრობლემები განიხილეს, რომელიც ძირითადად პროცედურულ და იურიდიულ საკითხებს მოიცავს.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ეკა კერესელიძის განცხადებით, საჯარო რეესტრი საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებთან აქტიურად თანამშრომლობს.
"სააგენტოში ელექტრონული სარეგისტრაციო სისტემის დანერგვამ და ახალი სერვისების ამოქმედებამ სახელმწიფო ორგანიზაციასა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანა. შესაბამისად, მუდმივი დიალოგი და რეგულარული შეხვედრები სახელმწიფო უწყებასა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და კოორდინაციის გაუმჯობესებას მნიშვნელოვანად შეუწყობს ხელს", - აღნიშნა კერესელიძემ.

საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის სამსახურის ინფორმაციით, საჯარო რეესტრთან გაფორმებული ავტორიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე, კომერციულ ბანკებს, სააგენტოს მიერ შეთავაზებული სერვისები საშუალებას აძლევს, სრული დისტანციური მომსახურება ოფისიდან გაუსვლელად აწარმოონ და თავიანთ კლიენტებს გამარტივებული და მაქსიმალურად კომფორტული მომსახურება გაუწიონ.

აღნიშნული ურთიერთთანამშრომლობა ხელს უწყობს ერთი მხრივ, ბანკებისთვის დამატებითი შემოსავლების მიღებას, მეორე მხრივ კი, მოქალაქეებს, რომელთაც უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება სურთ, შესაძლებლობა აქვთ საკუთარ სახლთან ახლოს, თავიანთ უბანში მდებარე ავტორიზებულ კომერციული ბანკების ფილიალებს მიმართონ და მარტივად მიიღონ მომსახურება.

საჯარო რეესტრს ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება საქართველოში მოქმედ 16 ბანკთან აქვს გაფორმებული. სააგენტო მათ სხვადასხვა სახის ავტორიზაციასა და მომსახურებას სთავაზობს.