არასამთავრობო ორგანიზაციები ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს მოუწოდებენ, უზრუნველყოს მის ხელთ არსებული პერსონალური მონაცემების სათანადოდ დაცვა .
როგორც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გავიდა სიუჟეტი ახლად შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციების – "თბილისის პოლიტიკის ანალიზის ცენტრის", "საქართველოს რეფორმების ასოციაციისა" და "საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის" შესახებ, სადაც წარმოდგენილი იყო ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციათა ზოგიერთი წარმომადგენლის შემოსავლების თაობაზე.
"საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ინფორმაცია კერძო დაწესებულებებში, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებში მომუშავე პირთა შემოსავლებთან დაკავშირებით არ არის საჯარო და იგი დაცულია სსიპ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში", - აღნიშნულია განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციები ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს მოუწოდებენ, უზრუნველყოს მის ხელთ არსებული პერსონალური მონაცემების სათანადოდ დაცვა. "ზემოაღნიშნული ინფორმაციის გადაცემა შესაძლოა შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს, რითაც სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ", - მიაჩნიათ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
განცხადება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს, თბილისის პოლიტიკის ანალიზის ცენტრის, საქართველოს რეფორმების ასოციაციის, საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტისა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის სახელით არის გავრცელებული.