"ომეგა ჯგუფში" შემავალმა კომპანიებმა მთავარ პროკურატურას საჩივრით მიმართეს

"ომეგა ჯგუფში" შემავალმა კომპანიებმა მთავარ პროკურატურას საჩივრით მიმართეს. როგორც სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გამართულ პრესკონფერენციაზე "ომეგა" ჯგუფის ადვოკატმა დავით ასათიანმა განაცხადა, გამოძიებულ უნდა იქნეს ის უკანონო ქმედებები, რომლებიც 2004 წელს ომეგა ჯგუფში შემავალი კომპანიების მიმართ განხორციელდა. 

ადვოკატის ინფორმაციით, განცხადებაში განმარტებულია ის ფაქტები, რასაც ადგილი ჰქონდა 2004 წლის განმავლობაში ომეგა ჯგუფის კომპანიებისა და მისი დამფუძნებლების მიმართ, რასაც მოჰყვა ტელეკომპანია "იბერია ტვ"-სთვის ლიცენზიის ჩამორთმევა და სხვა კომპანიების მიმართ მიყენებული მატერიალური ზარალი.

ადვოკატის ინფორმაციით, საჩივრის მიზანია, დაიწყოს სამართლებრივი ბრძოლა, დაისაჯონ უკანონო ქმედებებში აქტიურად მონაწილე იმდროინდელი მაღალჩინოსნები, მიყენებული ზარალი აუნაზღაურდეს ომეგა ჯგუფში შემავალ კომპანიებსა და ტელეკომპანია "იბერია ტვ-ის" დაუბრუნდეს კუთვნილი ლიცენზია.

დავით ასათიანის განმარტებით, ტელეკომპანია "იბერია ტვ-სთვის" 2004 წელს ჩამორთმეული ლიცენზია გადაეცა ტელეკომპანია "აისს", რომელსაც არასოდეს უწარმოებია საეთერო ტელემაუწყებლობა.

ადვოკატის ინფორმაციით, "აისის" დამფუძნებელი კომპანია არის "ჯორჯიან მედიან პროდაქშენ გრუპი", რომელიც ტელეკომპანია "იმედის" დამფუძნებელია.

"აისი" შეიქმნა 2004 წელს და მას გადაეცა "იბერია ტვ-ის" ლიცენზია. ტელეკომპანია "აისში" სხვადასხვა დროს სხვადასხვა პირები ფლობდნენ აქციებს, 2011 წელს მისი მესაკუთრე გახდა "ჯორჯიან მედიან პროდაქშენ გრუპი" და დღემდე ტელეკომპანია "აისის" მესაკუთრე არის აღნიშნული კომპანია. 2012 წლის ბოლოს "ჯორჯიან მედიან პროდაქშენ გრუპის" ყველა აქცია გადაეცა ბადრი პატარკაციშვილის ქვრივს ინა გუდავაძეს", - განმარტა ასათიანმა.

მისივე თქმით, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ტელეკომპანია "იმედის" მესვეურები "აისისა" და "იმედის" შერწყმას აპირებენ.
ასათიანის თქმით, ასევე დაუზუსტებელი ინფორმაცია არსებობს იმის შესახებ რომ შესაძლოა, მეორე დამატებითი არხის ფუნქციონირება დაიწყოს. "ომეგა ჯგუფის"

მიერ პროკურატურაში შეტანილ განცხადებაში მითითებულია კონკრეტული მაღალჩინოსნების ვინაობაც ვინც საქმეში მონაწილეობდა.

ადვოკატის ინფორმაციით, 2004 წელს, საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი ოქრუაშვილი იყო, ხოლო შს მინისტრი - გია ბარამიძე. ტელეკომპანია "იბერია ტვ"-სთვის ლიცენზიის ჩამორთმევის დროს გენერალური პროკურორი იყო ზურაბ ადეიშვილი, ხოლო მისი მოადგილე ლაცაბიძე. ასათიანის ინფორმაციით, საქმეში ასევე ფიგურირებს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის იმდროინდელი თავმჯდომარე დიმიტრი ქიტოშვილი.

"ომეგა ჯგუფი" 1991 წელს დაარსდა. 2004 წლის მდგომარეობით იგი აერთიანებდა: სიგარეტის მწარმოებელ კომპანია "ოჯქ"-ს, საავტომობილო კონცერნ "ბმვ მინის" ოფიციალურ იპორტიორს საქართველოში "ომეგა მოტორსს", სტამბას "ომეგა თეგი", საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გაზეთს "ახალი ეპოქა", ლიტერატურულ გაზეთს "ჩვენი მწერლობა", ჟურნალს "ომეგა" და ტელეკომპანია "იბერია ტვ-ს".