შს მინისტრმა და ამერიკის ელჩმა საინჟინრო გემთსარემონტო სახელოსნო გახსნეს

შს მინისტრმა და ამერიკის ელჩმა საინჟინრო გემთსარემონტო სახელოსნო გახსნეს

შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა სანაპირო დაცვის ფოთის ბაზაზე საინჟინრო გემთსარემონტო სახელოსნო გახსნეს , რომელიც ამერიკის მთავრობის მიერ 6 მილიონი დოლარით დააფინანსდა. 

აშშ-ს ელჩმა ყურადღება გამახვილა სანაპირო დაცვის გამართულ მუშაობაზე.

"მამაჩემი იყო საზღვაო ძალების სამხედრო ოფიცერი მეორე მსოფლიო ომში. ამდენად, ჩემთვის პირადად, საზღვაო სამსახურს, განსაკუთრებული როლი აქვს. განსაკუთრებული როლი გენიჭებათ თქვენ, იმაში, რომ საქართველოს სანაპირო იყოს დაცული და ვაჭრობა ხელშეუხებელი. ეს როლი, დღეს, ნამდვილად გაზრდილი და დიდია, ვიდრე ოდესმე, ვინაიდან საქართველო იმყოფება ახალ აბრაშუმის გზაზე. ვაჭრობა, მხოლოდ გაიზრდება მომავალში", - განაცხადა ნორლანდმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა კი სანაპირო დაცვის დეპარტამენტის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის ამერიკის საელჩოს რამდენიმე თანამშრომელი სანაპირო დაცვის საიუბილეო მედლებით დააჯილდოვა.

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოსთვის გაწეული განსაკუთრებული დახმარებისათვის რიჩარდ ნორლანდს მადლობა გადაუხადა და ამ დახმარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"ამერიკის მთავრობა, სისტემატურად ზრუნავს საქართველოს სანაპირო დაცვის კადრების მომზადებაზე, ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, ტექნიკურ აღჭურვაზე, კომუნიკაციების სრულყობაზე, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებასა და არსებული სანაოსნო საშუალებების მოდერნიზებაზე. რაც სანაპირო დაცვის სამსახურს აახლოებს მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებში დამკვიდრებულ სტანდარტებთან", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა და ამერიკის ელჩმა სანაპირო დაცვის კატარღით ფოთის საზღვაო აკვატორია დაათვალიერეს.