ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი დონორების რეკომენდაციებით შემუშავდება

ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი დონორების რეკომენდაციებით შემუშავდება

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განაგრძობს საჯარო შეხვედრებს საქართველოს ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შემუშავებისათვის. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო განხილვების მიზანია, სამოქალაქო სექტორისა და ექსპერტების ჩართულობის უზრუნველყოფა განხილვის პროცესში. 

მათი ინფორმაციით, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში", საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური დაესწრო ქვეყნის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის შესახებ პრეზენტაციას, რომელიც დონორი, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებისთვის გაიმართა.

შეხვედრაზე იმსჯელეს დონორებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენელთა გამოთქმულ რეკომენდაციებსა და წინადადებებზე.

"შედგა მნიშვნელოვანი შეხვედრა. დონორი და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს გავაცანით ჩვენი მოსაზრებები ქვეყნის განვითარების სტრატეგიულ დოკუმენტთან დაკავშირებით. იმედი გვაქვს, მათთან კოორდინაციით შემუშავდება მნიშვნელოვანი დოკუმენტი. ჩვენი პარტნიორებმა გამოთქვეს სრული მზადყოფნა, მხარი დაუჭირონ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს მთავრობას აღნიშნული დოკუმენტის შემუშავებაში. მათთან გვქონდა თხოვნა, რომ სათანადო მასალების მოძიებასა და მსოფლიოს გამოცდილების გაზიარებაში დაგვეხმარონ, რათა ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი ადეკვატური იყოს. შევთანხმდით, რომ მსგავსი შეხვედრები დონორებთან და საფინანსო ინსტიტუტებთან კიდევ გაიმართება, რათა მოხდეს ინფორმაციების გაცვლა. პარალელურად, გაგრძელდება საჯარო განხილვები სტრატეგიული დოკუმენტის გარშემო", - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.

როგორც აზიის განვითარების ბანკის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ქეითი მ. ჯულიანიმ აღნიშნა, "ახარებს ის ძალისხმევა", რასაც მთავრობა აღნიშნული დოკუმენტის შემუშავებისთვის იჩენს, რაც მას საბოლოოდ ქმედითი დოკუმენტის მომზადებაში დაეხმარება.

"მნიშვნელოვანი დოკუმენტის მომზადებაში ასევე აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღონ სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა", – განაცხადა ქეითი მ. ჯულიანიმ.
გაერო-ს განვითარების ფონდის წარმომადგენელმა, იანიკა პავლოვიჩმა კი განაცხადა, რომ მთავრობისთვის აუცილებელია ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება.

"დოკუმენტზე მუშაობის პროცესში დონორ ორგანიზაციებს შეუძლიათ დახმარებისა და კონსულტაციების გაწევა. მნიშვნელოვანია დოკუმენტი ხელისუფლებასა და დონორებს შორის მუდმივი კომუნიკაციისა და თანამშრომლობის რეჟიმში შეიქმნას, რათა მასში სწორად გაიწეროს ქვეყნისთვის სწორი პრიორიტეტები", - განაცხადა იანიკა პავლოვიჩმა.

როგორც ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების საბოლოო დოკუმენტი დაეყრდნობა კოალიცია "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო და საქართველოს მთავრობის პროგრამებს და მასში განსაზღვრული იქნება ის პრიორიტეტები და ფინანსური რესურსები, რომელიც უახლოეს წლებში გამოყოფილი იქნება ეკონომიკაში დასახული მიზნების მისაღწევად.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ფინანსთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებს ქვეყნის განვითარების დოკუმენტის შემუშავება დაევალათ. ამ მიზნით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა რამდენიმე შეხვედრა უკვე გამართა. განხილვაში ჩართულები არიან ფინანსთა მინისტრთან არსებული მრჩეველთა საბჭოს წევრები, აგრეთვე სამინისტროების წარმომადგენლები.