ირაკლი ალასანია - თუ ფინანსთა მინისტრი არ დაგვაფინანსებს, ”მის მიმართ მძიმე, გადამჭრელ ზომებს მივიღებთ”

ირაკლი ალასანია - თუ ფინანსთა მინისტრი არ დაგვაფინანსებს, ”მის მიმართ მძიმე, გადამჭრელ ზომებს მივიღებთ”

საკონტრაქტო ჯარზე გადასვლას ქვეყანა 2016 წლის ბოლოს, 2017 წლის დასაწყისში შეძლებს. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა. 

მინისტრის განცხადებით, ეს ამბიციური გეგმაა და დამოკიდებულია იმაზე, რამდენს გაიღებს საზოგადოება, სახელმწიფო, ფინანსური კუთხით ჯარის ტრანსფორმაცია-რეფორმაზე. ალასანია აცხადებს, რომ არსებობს ზუსტი გათვლები, რა დასჭირდება ასეთ ტრანსფორმაციას.

"დღეს პრაქტიკულად 75% გვყავს საკონტრაქტო მომსახურე ჯარში. უკვე დავიწყეთ ნაბიჯების გადადგმა სამართლებრივადაც და როდესაც პარლამენტი გადაწყვეტილებას მიიღებს, შემცირდება სავალდებულო სამსახური 15-დან 12 თვემდე. მაგრამ, მინდა გაითვალისწინოთ, რომ პროფესიულ არმიაზე გადასვლას ბუნებრივად ებმის რეზერვის მომზადების, მობილიზაციის გეგმის შემუშავების სტრატეგია. გუშინ ძალიან ხანგრძლივი საუბარი გვქონდა და განხილვა გაერთიანებულ შტაბში. მაისში, ჩვენ პრაქტიკულად დასრულებული გვექნება ეს გეგმა. ეს ორი პარალელური, თანმდევი პროცესი უნდა იყოს - პროფესიულ არმიაზე გადასვლა და საბრძოლო, ტერიტორიული და სამოქალაქო რეზერვის შექმნა", - განაცხადა ალასანიამ.

მისივე თქმით, ამას აქვს თავისი ფინანსური გათვლები.

"რა თქმა უნდა, თუკი ფინანსთა მინისტრი არ დაგვეთანხმება, მივიღებთ გადამჭრელ, მძიმე ზომებს მის მიმართ, რომ დაგვაფინანსფოს", - ხუმრობით აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.