ქართული სამხედრო ტექნიკა გამოცდას გადის

ქართული სამხედრო ტექნიკა გამოცდას გადის

ქართული სამხედრო მრეწველობის პროექტები, რომელიც ირაკლი ალასანიას თავდაცვის უწყებაში დახვდა, გამოცდას გადიან. 

როგორც ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, მიმდინარეობს გამოცდა, რამდენად ადეკვატურად დაეხმარება ეს ტექნიკა ქართველ სამხედროებს და რამდენად დაცული იქნებიან სამხედრო ოპერაციების განხორციელების დროს.

"მიმდინარეობს მათი ჯავშანის გამოცდა. უახლოეს პერიოდში დაიგეგმება ძალიან სერიოზული, საცეცხლე გამოცდის ჩატარება ამ ჯავშანტრანსპორტიორებზე. ამის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება, რენტაბელურობიდან და იმ თანხებიდან გამომდინარე, რასაც ეს ტექნიკა ითხოვს, გავაგრძელებთ ამ პროგრამას, თუ არა. რა თქმა უნდა, იყო პიარის და სულსწრაფობის ელემენტი, როდესაც ეს ტექნიკა გამოამზეურეს ნაადრევად, ვიდრე გამოცდები იქნებოდა ჩატარებული. ახლა გრძელდება მუშაობა, რომ დაზუსტდეს, დაკონკრეტდეს, რამდენად შესაძლებელია ეს ტექნიკა სერიულ წარმოებაზე იქნას აყვანილი",-განაცხადა ალასანიამ.

მისი თქმით, ქართულ სამხედრო მრეწველობას დიდი პოტენციალი აქვს და არის პოლიტიკური დაინტერესებაც.

როგორც ალასანიამ აღნიშნა, თურქეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტების დროს იყო საუბარი და არ არის გამორიცხული, "მოკავშირებთან ერთად სამხედრო ტენიკური თანამშრომლობა ამ კუთხით გაღრმავდეს".