ირაკლი ალასანია:   მალის მისიაში ქართველი სამხედროების გაგზავნა გადაწყვეტილი არ არის

ირაკლი ალასანია: მალის მისიაში ქართველი სამხედროების გაგზავნა გადაწყვეტილი არ არის

მალის მისიაში ქართველი სამხედროების გაგზავნის გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ დღეს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. 

მისი თქმით, პოლიტიკური დასტური საქართველომ ევროკავშირს მაშინ მისცა, როდესაც დეკემბერში ევროკავშირმა ქართულ მხარეს წერილით მიმართა.

"მალიში საქართველოს საბრძოლო ქვედანაყოფის, ან სამხედრო შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის", - აღნიშნა ალასანიამ.

მისი თქმით, ახლა მთავარია ევროკავშირმა მისცეს საქართველოს წარმოდგენა იმისა, თუ სად სჭირდება ქართული ელემენტები და ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გაგრძელდება.

ამასთან, თავდაცვის მინისტრმა მომავალ წელს დაგეგმილი სამხედრო წვრთნების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, დაგეგმილია, რომ მომავალ წელს ჩატარდეს უფრო მაღალი დონის, ბრიგადის დონის სამხედრო წვრთნები.

ალასანიას ინფორმაციით, ამ კუთხით მოლაპარაკებები პირველ რიგში ამერიკულ მხარესთან მიმდინარეობს და ამ წვრთნებში სავარაუდოდ რეგიონის ქვეყნებიც ჩაერთვებიან.
მისი თქმით, მომავალი წლის წვრთნების დაგეგმარების პროცესი ჯერ არ დაწყებულა.