"ალ ჯაზირა" - ინდოელი ფერმერები საქართველოში უკმაყოფილებას აღვივებენ

ტელეკომპანია "ალ ჯაზირა" ავრცელებს ემა ჰაივორდის სიუჟეტს ინდოელი ფერმერების მიერ საქართველოში შეძენილი მიწების შესახებ. სიუჟეტში, სახელწოდებით "ინდოელი ფერმერები საქართველოში უკმაყოფილებას აღვივებენ", ავტორი აღნიშნავს, რომ ათასობით ინდოელის მიერ ნოყიერი ქართული მიწების შეძენას ყველა ქართველი არ მიესალმება.
საქართველოს ხელისუფლებამ უცხოელებისთვის მიწების შეძენა გააიოლა, რის შედეგადაც, ათასობით ინდიელმა ფერმერმა შეიძინა მიწები საქართველოში.

პენჯაბელი პროკურორი პარმაჯიტ სინგჰ ბაჩვა ერთ-ერთია, ვინც სამშობლოდან ათასობით კილომეტრის დაშორებით წამოვიდა და ათასობით დოლარი დააბანდა ქართულ მიწაში. ახლა კი კარგი მოსავლის მოლოდინშია, - აღნიშნავს "ალ ჯაზირას" ჟურნალისტი.

"აქ ყველაფერი უფრო უკეთესია, ვიდრე ჩემ სამშობლოში – მთლიანად ქვეყანა, ხალხი, სისტემა. ყველაფერი მისაღებია", - აცხადებს პენჯაბელი ბაჩვა "ალ ჯაზირასთან" საუბრისას.
ინდოეთში გამოქვეყნებული რეკლამები იქაურებს დაბალ ფასებში სთავაზობს საქართველოში მიწების შეძენას და ოჯახებს იქ გადაბარგებისკენ უბიძგებს, - აღნიშნავს სიუჟეტის ავტორი.

როგორც ემა ჰაივორდი აცხადებს, ადვილი მისახვედია, რატომ ხიბლავთ ინდოელ ინვესტორებს ქართული მიწები – იმიტომ, რომ ის ძალიან იაფი, ხელმისწავდომი და, რაც მთავარია, ნოყიერია.
"საქართველოს სოფლის მეურნეობა კრიზისში იყო, რის გამოც უცხოელი ფერმერების მოზიდვა კონკურენტული ფასის მქონე მიწებით დაიწყეს. კახეთის რეგიონში უკვე 300-მდე ინდური კომპანიაა, რომლებიც ადგილობრივებისგან მიწებს ყიდულობენ. თუმცა, ბევრი ადგილობრივი უკმაყოფილებას გამოთქვამს უცხოელების შემოდინების გამო", - ნათქვამია "ალ ჯაზირას" სიუჟეტში.

"თუ ასე გაგრძელდა, მალე აღარაფერი დაგვრჩება. ინდოელი მეზობლები არ გვინდა, მათ არც ქართული იციან და არც ჩვენი წეს-ჩვეულებები", - აცხადებენ კახელები "ალ ჯაზირასთან" საუბრისას.
თუმცა, - როგორც სიუჟეტის ავტორი აღნიშნავს, - განსხვავებული მოსაზრება აქვს საქართველოს ხელისუფლებას.

"დღეს მიწებს პენჯაბელები იძენენ, შესაძლოა, ხვალ ამერიკელებმა შეიძინონ, ზეგ ევროპელებმა. ასე რომ, ჩვენ გახსნილები უნდა ვიყნოთ. ეს ეკონომიკის ზრდის და მეტი პროდუქტის წარმოების შესაძლებლობას მოგვცემს", - განუცხადა "ალ ჯაზირას" ჟურნალისტს "ახალი ეკონომიკური სკოლის" პრეზიდენტმა პაატა შეშელიძემ.

როგორც სიუჟეტის ავტორი აღნიშნავს, ინდოელი ფერმერები აცხადებენ, რომ მათ საქართველოს ეკონომიკის გაზრდის სურვილი აქვთ. თუმცა, შესაძლოა, ამას დიდი დრო დასჭირდეს.