გენერალურმა ინსპექციამ საია-სა და აჭარის შს სამმართველოს უფროსს შორის მომხდარ ინციდენტზე მოკვლევა დაასრულა

გენერალურმა ინსპექციამ საია-სა და აჭარის შს სამმართველოს უფროსს შორის მომხდარ ინციდენტზე მოკვლევა დაასრულა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია სამართალდამცველების მიერ "ბათუმის სახლის" სათვალთვალო კამერით გადაღებული ჩანაწერის ამოღებას და ვიდეოფირის დაზიანებას ადასტურებს, თუმცა განმარტავს, რომ ეს დაუდევრობით მოხდა.
ამასთან, უწყების ინფორმაციით, გამოძიების მიერ სხვა ობიექტიდან ამოღებული ვიდეომასალით დადგინდა, რომ აჭარის შს საამართველოს უფროსის, ვალერიან თელიას მიერ სამსახურებრივი გადაცდომა არ დასტურდება.

ასეთია ბათუმში, 28 მარტს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომლებსა და აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროს ვალერიან თელიას შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შს სამინისტრო გენერალური ინსპექციის დასკვნა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაასრულა სამსახურებრივი შემოწმება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროს ვალერიან თელიასა და მოქალაქე როინ ფარტენაძეს შორის მომხდარ ინციდენტზე.

შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ 2013 წლის 28 მარტს, ბათუმში, გორგასლისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთაზე, აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს უფროსი ვალერიან თელია, სამსახურებრივი ავტომანქანით ახორციელებდა ოპერატიულ საქმიანობას, რა დროსაც მას საავარიო ვითარება შეუქმნა გორგასლის ქუჩიდან მიმავალმა ,,მერსედესი"-ს მარკის ავტომანქანამ, რომელსაც მართავდა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე როინ ფარტენაძე. ვ. თელიამ დამრღვევ მძღოლს ხმოვანი სიგნალი მისცა, რაზეც როინ ფარტენაძემ რამდენიმე ხმოვანი სიგნალით უპასუხა და ვ. თელიას ავტომანქანის გაჩერება მოსთხოვა. აღნიშნულის შემდეგ ვ.თელიამ ავტომანქანა უკან დასწია და გააჩერა. ავტომანქანიდან გადმოსული როინ ფარტენაძე აგრესიული იყო და ხმამაღალი ტონით მიმართავდა ვალერიან თელიას. ვ.თელიამ დამრღვევ მძღოლს ოფიციალურად წარუდგინა თავი და მიუთითა, რომ მას ემოძრავა საგზაო წესების დაცვით, თავი შეეკავებინა შეურაცხყოფისგან, მოუწოდა მას სიმშვიდისაკენ, დაასრულა მოქალაქესთან საუბარი და გაემართა თავისი ავტომანქანისკენ. ამის შემდგომ მოქალაქე როინ ფარტენაძემ კვლავ გააგრძელა აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს უფროს ვალერიან თელიასადმი უცენზურო სიტყვებით შეურაცხყოფის მიყენება, რამაც გამოიწვია მათ შორის გარკვეული დაძაბულობა. ამ დროს ,,მერსედესი"-ს მარკის ავტომანქანიდან გადმოვიდა მოქალაქე რ.ფარტენაძის თანმხლები პირი, რომელიც ცდილობდა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი რ.ფარტენაძის დამშვიდებას. შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დეტალებში გარკვევის მიზნით, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სათვალთვალო ვიდეოკამერებიდან მოახდინეს ჩანაწერების ამოღება. კერძოდ, პოლიციის თანამშრომელი - გ. ს. მივიდა გორგასლის ქუჩაზე მდებარე კომერციულ ობიექტ ,,ბათუმის სახლში", საიდანაც უნდა მომხდარიყო აღნიშნული ობიექტის გარე ვიდეომეთვალყურეობის კამერიდან გადაღებული ვიდეოჩანაწერის ამოღება, რა დროსაც გ. ს-მ დაუდევრობით ვერ მოახერხა ჩანაწერის ამოღება და დააზიანა არსებული ვიდეოფაილები, რომლის აღდგენაც შემდგომში ვეღარ მოხერხდა. გ.ს-ს მიერ არ მომხდარა აღნიშნული ფაქტის დამალვა, ზემოაღნიშნული დაუდევარი ქმედებით გამოწვეული შეცდომის შესახებ გ.ს-მ პატაკით აცნობა მის უშუალო ხელმძღვანელს. ამის შემდეგ მან მოძებნა ინციდენტის ამსახველი ალტერნატიული ვიდეომასალის ამსახველი წყარო, კერძოდ, გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე ,,ავერსი"-ს აფთიაქის გარე ვიდეომეთვალყურეობის კამერიდან ამოიღო ჩანაწერი, რომელიც სამინისტრომ იმავე დღეს გაავრცელა მედია საშუალებებით.

იმავე დღეს გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება, რის შედეგადაც ,,ავერსი"-ს აფთიაქის ვიდეომეთვალყურეობის კამერიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერითა და გამოკითხული პირების ახსნა-განმარტებებით არ დადასტურდა ვალერიან თელიას მიერ სამსახურებრივი გადაცდომა", - ნათქვამია შსს-ის გენერალური ინსპექციის განცხადებაში.
მათივე ცნობით, გ.ს-ს გორგასლის ქუჩაზე მდებარე კომერციულ ობიექტ "ბათუმის სახლში" გარე ვიდეომეთვალყურეობის კამერიდან გადაღებული ვიდეოჩანაწერის შეგნებულად დაზიანება არ განუხორციელებია, თუმცა დავალების დაუდევარი და არაჯეროვანი შესრულების გამო, მის მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური სასჯელი და გამოეცხადა სასტიკი საყვედური.
ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სამ თანამშრომელსა და აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროსს, ვალერი თელიას შორის ინციდენტი 28 მარტს მოხდა.

როგორც საია-ს იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი აცხადებს, ქუჩაში მოძრაობისას მათ აჭარის პოლიციის უფროსმა შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა და მათი მიმართულებით ანთებული სიგარეტი ისროლა.

აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-მ იმავე დღეს ჯერ განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნული იყო, რომ საია-ს მძღოლი რომან ფარტენაძე ავტომანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა და საგზაო მოძრაობის ნიშნებს არ დაემორჩილა, რითაც თელიას ავტომანქანას ავარიული სიტუაცია შეუქმნა, მოგვიანებით კი ფაქტის ამსახველი ვიდეომასალაც გაავრცელა, რომელიც ადგილზე ახლომდებარე ერთ-ერთი ობიექტის სათვალთვალო კამერითაა გადაღებული.

საია-ში შსს-ს ცალმხრივობაში ადანაშაულებდნენ და მიიჩნევდნენ, რომ მათი მძღოლის მიერ საგზაო წესების დარღვევის შემთხვევაშიც არ ჰქონდა ვალერი თელიას უფლება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინა. საია თელიასთვის უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვდა.