ნანა კაკაბაძე მთავარ პროკურორს ვანო მერაბიშვილის დაკითხვას სთხოვს

ნანა კაკაბაძე მთავარ პროკურორს ვანო მერაბიშვილის დაკითხვას სთხოვს

არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები-ადამიანის უფლებებისთვის" დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე საქართველოს მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს მიმართავს.
მიმართვაში ნანა კაკაბაძე ვანო მერაბიშვილს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და პროკურატურას მომხდარის შესწავლას სთხოვს.

"1-ელ აპრილს საქართველოს საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანის ვანო მერაბიშვილის ცნობით, 19 აპრილს, ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე, პოლიტპატიმრებთან ერთად მისვლას მელორ ვაჩნაძე და ნანა კაკაბაძეც აპირებენ.

აღნიშნული ინფორმაცია მერაბიშვილმა ბაღდათში "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებთან შეხვედრისას გაავრცელა. მან ვაჩნაძეს "ყაჩაღი", კაკაბაძეს კი "მხედრიონელი" უწოდა. მერაბიშვილის თქმით, "პოლიტპატიმრებმა" სიაში მოხვედრა და თავისუფლების ყიდვა 100 000 და 200 000 ლარად მოახერხეს. მიმაჩნია, რომ ინფორმაცია პოლიტპატიმრების მიერ თავისუფლების 100 000 და 200 000 ლარად ყიდვის შესახებ აშკარად შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს", - აცხადებს ნანა კაკაბაძე.

მისივე თქმით, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პროკურატურა უფლებამოსილია საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული იმ განცხადების საფუძველზე, რომელიც შეიცავს ინფორმაციას სისხლის სამართლის დანაშაულის შესახებ, დაიწყოს გამოძიება.

"აღნიშნულიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, რათა დაიწყოთ გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის და ამჟამად "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის მიერ გავრცელებული დანაშაულის ნიშნების შემცველი ინფორმაციის საფუძველზე და დამნაშავეების გამოაშკარავების მიზნით მოწმის სტატუსით დაკითხოთ ვანო მერაბიშვილი, რომელიც თავისი წარსული და ახლანდელი თანამდებობიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, უნდა ფლობდეს კონკრეტულ და დადასტურებულ ინფორმაციას და მას შეუძლია დაეხმაროს გამოძიებას დანაშაულის გახსნაში", - აღნიშნავს კაკაბაძე მიმართვაში.