საპატრულო პოლიციამ თვითმმართველობის ერთეულის იერ-სახის დამახინჯებისათვის ერთი პირი დააკავა

საპატრულო პოლიციამ თვითმმართველობის ერთეულის იერ-სახის დამახინჯებისათვის ერთი პირი დააკავა

თბილისის მთავარი სამმართველოს ისნის მიმართულების მე-2 ოცეულის საპატრულო ეკიპაჟის წევრებმა ბოჭორმის ქუჩაზე 1993 წელს დაბადებული ზურაბ ღ. თვითმმართველობის ერთეულის იერ-სახის დამახინჯებისათვის დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ს პრესამსახურიდან აცნობეს, სამართალდამცველებმა ზურაბ ღ. იმ დროს დააკავეს, როცა ის მშენებარე ობიექტის გარშემო შემოვლებულ ღობეზე პულვერიზატორით წარწერებს აკეთებდა. მომხდარზე დაწყებულია ადმინისტრაციული საქმის წარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 50 ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს. დაკავებული გათავისუფლებულია ხელწერილით.

სხვადასხვა სახის ნახატებისა და სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ბანერების, ლოზუნგების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, კანონდარღვევად ითვლება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველას მოუწოდებს იმოქმედოს კანონის ფარგლებში.