იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტის მიერ დასამტკიცებელი წევრების არჩევის წესი მთლიანად იცვლება

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტის მიერ დასამტკიცებელი წევრების არჩევის წესი მთლიანად იცვლება

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტის მიერ დასამტკიცებელი წევრების არჩევის წესი მთლიანად იცვლება. ცვლილებები რეგლამენტის 219-ე მუხლს ეხება.
პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების თანახმად, რომელიც ოფიციალურად უკვე ინიცირებულია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ექვს წევრს პარლამენტი კონკურსის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით აირჩევს. პროექტის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალ წევრს პარლამენტი ირჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არა უადრეს 30 კალენდარული დღისა და ამ ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, ხოლო მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში - უფლებამოსილების შეწყვეტის დღიდან არა უგვიანეს ერთი თვისა. თუ ეს ვადები მთლიანად ან ნაწილობრივ პარლამენტის არასასესიო პერიოდს დაემთხვევა, პროექტის თანახმად, არჩევნებისთვის განსაზღვრული ვადა შესაბამისი დროით გაგრძელდება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე მეცნიერი იურისტებისგან, ადვოკატთა ასოციაციის წევრებისა ან არასამეწარმეო იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისგან, ამავე ორგანიზაციების კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოების რეკომენდაციების საფუძველზე შეირჩევიან. თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაცია უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს არა უმეტეს სამი კანდიდატურისა. პროექტის თანახმად, კანდიდატად არ შეიძლება პარლამენტის წევრის, მოსამართლისა და პროკურორის წარდგენა. ამასთან, არასამეწარმეო იურიდიულ პირს უფლება ექნება წარადგინოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატები, თუ კონკურსის გამოცხადებამდე არა ნაკლებ ორი წლის განმავლობაში მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ სამართალწარმოებაში.
სარეგლამენტო პროექტის გათვალისწინებით, პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად შეიძლება აირჩეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქე, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და სპეციალობით მუშაობის არა ნაკლებ 10 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და არის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი.
კანდიდატურის წარდგინებას თან უნდა დაერთოს სარეკომენდაციო წერილი, კანდიდატის საქმიანი ბიოგრაფია, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, უმაღლესი იურიდიული განათლებისა და სპეციალობით მუშაობის არა ნაკლებ 10 წლის გამოცდილების დამადასტურებელი საბუთების ასლი, სამართლის საკითხებზე გამოქვეყნებული შრომების ნუსხა, კანდიდატის წერილობითი თანხმობა, აგრეთვე, იმ შემთხვევაში, თუ წარმდგენი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია, შესაბამისი დამადასტურებელი საბუთები.
ცვლილებების თანახმად, კანდიდატურები პარლამენტს უნდა წარედგინოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არა უადრეს მე-60 და არა უგვიანეს მე-40 დღისა; უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში - უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. კანდიდატურების წარდგენის ვადებს პარლამენტის ვებ-გვერდზე პარლამენტის თავმჯდომარე გამოაქვეყნებს.

კანონპროექტის თანახმად, პარლამენტისთვის წარდგენილი საბუთები დაუყოვნებლივ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცემა, რომელთაც განიხილავს და კანონის მოთხოვნებთან მის შესაბამისობას დაადგენს. განხილვის დასრულების შემდეგ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კანდიდატთა სიას, სათანადო საბუთებთან ერთად პარლამენტის ბიუროს წარუდგენს. ბიურო კანდიდატთა სიასა და თანდართულ საბუთებს დაუყოვნებლივ პარლამენტის ფრაქციებს გადასცემს.

სარეგლამენტო ცვლილებები კანდიდატების ფრაქციებში განხილვის ვადებსაც განსაზღვრავს.

პარლამენტი ფრაქციათა მიერ განხილვის ვადის დასრულებიდან უახლოეს პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე იწყებს კენჭისყრას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ასარჩევად. ყველა კანდიდატს კენჭი ცალ-ცალკე ეყრება. კენჭისყრის რიგითობა ანბანურად, კანდიდატთა გვარების მიხედვით განისაზღვრება. კენჭისყრის დაწყებამდე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენელი პარლამენტს წარდგენილ კანდიდატთა მონაცემებს გააცნობს.

რეგლამენტში იწერება, რომ პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევნები, საჭიროების შემთხვევაში, სამ ტურად იმართება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩეული კანდიდატები გამოვლინდებიან პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ის უმრავლესობით. თუ კენჭისყრის პირველ ტურში ყველა ვაკანსია ვერ შეივსო, კენჭისყრის მომდევნო ტურებში არჩეული პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით გამოვლინდება. ამასთან, ასეთი კვორუმით არჩეულ წევრთა რაოდენობა ექვსიდან ოთხს არ უნდა აღემატებოდეს.
კენჭისყრის პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლებიან კანდიდატები, რომლებიც პარლამენტის სრული შემადგენლობის სულ ცოტა 2/3-ის ხმებს მიიღებენ. თუ ასეთ კანდიდატთა რაოდენობა არსებულ ვაკანსიაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე სათანადო რაოდენობის კანდიდატი. თუ არჩეული ვერ გამოვლინდა რამდენიმე კანდიდატის მიერ ხმათა თანაბარი რაოდენობის მიღების გამო, ამ კანდიდატებს ხელახლა ეყრება კენჭი და არჩეულად საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი ჩაითვლება.

პროექტის თანახმად, თუ კენჭისყრის პირველ ტურში ყველა ვაკანსია ვერ შეივსო, იმავე დღეს კენჭისყრის მე-2 ტური გაიმართება, რომელშიც კენჭი დარჩენილთაგან პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატებს ეყრება, რომელთა რაოდენობაც ვაკანტურ ადგილებზე ორჯერ მეტი არ უნდა იყოს. თუ კანდიდატთა რაოდენობა ამ რიცხვზე მეტი აღმოჩნდა ხმათა თანაბარი რაოდენობის მიღების გამო, კენჭი ყველა ასეთ კანდიდატს ეყრება. მე-2 ტურში არჩევისთვის საკმარისია პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა შემდეგი პირობების დაცვით: - თუ კენჭისყრის მე-2 ტურის გამართვამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში აღმოჩნდა 2/3-ის უმრავლესობით არჩეული 2 წევრი, კენჭისყრის მე-2 ტურში არჩეულად ჩაითვლებიან კანდიდატები, რომლებიც პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერას მიიღებენ. თუ ასეთ კანდიდატთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე სათანადო რაოდენობის კანდიდატი. თუ არჩეული ვერ გამოვლინდა რამდენიმე კანდიდატის მიერ ხმათა თანაბარი რაოდენობის მიღების გამო, ამ კანდიდატებს ხელახლა ეყრება კენჭი და არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი; თუ კენჭისყრის მე-2 ტურის გამართვამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში აღმოჩნდა 2/3-ის უმრავლესობით არჩეული მხოლოდ 1 წევრი და მე-2 ტურში ვერავინ მიიღო 2/3-ის უმრავლესობის მხარდაჭერა, 1 ადგილი ვაკანტურად დარჩება, ხოლო დანარჩენ ადგილებზე არჩეულები გამოვლინდებიან ზემოთაღნიშნული წესით; თუ კენჭისყრის მე-2 ტურის გამართვამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში არ აღმოჩნდა 2/3-ის უმრავლესობით არჩეული წევრი და მე-2 ტურში ვერავინ მიიღო 2/3-ის უმრავლესობის მხარდაჭერა, ორი ადგილი ვაკანტურად დარჩება, ხოლო დანარჩენ ადგილებზე არჩეულები გამოვლინდებიან კანონით დადგენილი ამ წესით.

ამასთან, თუ კენჭისყრის მე-2 ტურის გამართვის შედეგად კვლავ ვერ შეივსო ყველა ვაკანსია, 2 დღის შემდეგ კენჭისყრის მე-3 ტური გაიმართება, რომელშიც კენჭი დარჩენილთაგან მე-2 ტურში საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატებს ეყრება და არჩეული კანდიდატები გამოვლინდებიან ზემოთაღნიშნული წესის შესაბამისად.
პროექტის მიხედვით, თუ კენჭისყრის სამივე ტურის შემდეგ შეუვსებელი ვაკანსია დარჩება, 70 კალენდარული დღის ვადაში ხელახალი არჩევნები გაიმართება.